არჩევნები 2020

ნატო ჩხეიძე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს

ნატო ჩხეიძე
საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, პატრიოტთა ალიანსის ყოფილი წევრი, ნატო ჩხეიძე საკონტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ ჩხეიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე თქვა, სადაც ცვლილებას პირველი მოსმენით უნდა უყარონ კენჭი.

"ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ახლა იხილება პარლამენტში, არ არის არც იდეალური, არც უკეთესი ... ცვლილებები აუცილებელია ქვეყანაში, რადგან ამ ცვლილებების მომლოდინეა საზოგადოება და ეს ცვლილებებია სწორედ ქვეყნის სტაბილურობის გარანტი. მაგრამ ჩემი მხარდაჭერა არ ექნება ამ კანონპროექტს დღეს, რადგან ცვლილებებზე პასუხისმგებლობა და ვალდებულება აღებული იყო ქართული ოცნების მიერ და ეს ვალდებულება საზოგადოების წინაშე უნდა შეასრულოს ოცნებამ". – თქვა ჩხეიძემ.

მანამდე პატრიოტთა ალიანსის ყოფილმა წევრმა, ემზარ კვიციანმა თქვა, რომ, თუ არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო არ გახდება, ის საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ უჭერენ ქართული ოცნების რიგებიდან გარიცხული დეპუტატებიც – დავით ჭიჭინაძე და ბიძინა გეგიძე.

დღეს, 21 ივნისს პარლამენტი კენჭს უყრის ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პრინციპით ჩატარდება, რაც პარლამენტში 120 დეპუტატის პროპორციული სიით არჩევას გულისხმობს, 30-ის კი – მაჟორიტარული პრინციპით. 

ცვლილება 8 მარტის ისტორიული შეთანხმების ნაწილია, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაიდო. ეს შეთანხმება ასევე ითვალისწინებს პოლიტიკური დევნის შეწყვეტასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. შეთანხმებაში მოაზრებული სამი პოლიტპატიმრიდან საპატიმროში მხოლოდ მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა რჩება.

კომენტარები