პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

ტაბულა

136 ხმა 5-ის წინააღმდეგ - პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 120/30-ზე პრინციპით ჩატარებას გულისხმობს. 

პარლამენტში 120 დეპუტატის პროპორციული სიით, ხოლო 30-ის –მაჟორიტარულით არჩევა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს დადებული ისტორიული შეთანხმების ნაწილია. ამ შეთანხმების ნაწილია პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. შეთანხმებაში მოაზრებული პოლიტპატიმრებიდან ამ დრომდე ციხეში მხოლოდ მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა რჩება. 

ევროპული საქართველო, ისევე, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიიჩნევს, რომ ვინაიდან შეთანხმება ორნაწილიანია, ცვლილებების მხარდასაჭერად რურუას განთავისუფლებაა აუცილებელი. თუმცა, ოპოზიციურმა პარტიებმა სხვადასხვა სტრატეგია აირჩიეს. 

მაგალითად, ევროპულმა საქართველომ გადაწყვიტა, რომ კანონპროექტისთვის პირველი მოსმენის დროს მხარი დაეჭირა და ამით ხელისუფლებისთვის გიორგი რურუას გასათავისუფლებლად დრო მიეცა მესამე მოსმენამდე. კიდევ ერთი არგუმენტი, რომელიც პარტიას აქვს, ისაა, რომ ვინაიდან საქმე კონსტიტუციურ გადასინჯვას ეხება, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პირველი მოსმენის დროს ჩავარდნილ კანონპროექტს ხელახლა ინიცირება სჭირდება, რაც თვეებს მოითხოვს. ხოლო, თუკი ეს კანონპროექტი მეორე ან მესამე მოსმენაზე ჩავარდება, დეპუტატებს საშუალება აქვთ, მეორე დღესვე გამართონ ხელახალი კენჭისყრა. 

რაც შეეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, პარტია კენჭისყრაში მონაწილეობას საერთოდ არ მიიღებს მანამ, სანამ გიორგი რურუა საპატიმროს არ დატოვებს. 

კომენტარები