არჩევნები 2020

ადამ კინზინგერი საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების I მოსმენით მიღებას ულოცავს

saukvalley.com

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი, კონგრესის აშშ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ადამ კინზინგერი საქართველოს საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას ულოცავს.

"ვულოცავ საქართველოს! გრძელი გზა იყო, თუმცა ღირდა. პრემიერმინისტრ გახარიას, სპიკერ თალაკვაძეს, ოპოზიციის ლიდერებსა და საქართველოს მოქალაქეებს - თქვენთან ვდგავართ!" - წერს კონგრესმენი ტვიტერზე.

----

21 ივნისს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 120/30-ზე პრინციპით ჩატარებას გულისხმობს. 136 მომხრე, 5 წინააღმდეგი – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.

პარლამენტში 120 დეპუტატის პროპორციული სიით, ხოლო 30-ის – მაჟორიტარულით არჩევა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს დადებული ისტორიული შეთანხმების ნაწილია. ამ შეთანხმების ნაწილია პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაც. შეთანხმებაში მოაზრებული პოლიტპატიმრებიდან ამ დრომდე ციხეში მხოლოდ მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა რჩება. 

ევროპული საქართველო, ისევე როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მიიჩნევს, რომ, ვინაიდან შეთანხმება ორნაწილიანია, ცვლილებების მხარდასაჭერად რურუას გათავისუფლებაა აუცილებელი. თუმცა, ოპოზიციურმა პარტიებმა სხვადასხვა სტრატეგია აირჩიეს. 

მაგალითად, ევროპულმა საქართველომ გადაწყვიტა, რომ კანონპროექტისთვის პირველი მოსმენის დროს დაეჭირა მხარი და ამით ხელისუფლებისთვის გიორგი რურუას გასათავისუფლებლად მესამე მოსმენამდე დრო მიეცა. კიდევ ერთი არგუმენტი, რომელიც პარტიას აქვს, ისაა, რომ, ვინაიდან საქმე კონსტიტუციურ გადასინჯვას ეხება, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პირველი მოსმენის დროს ჩავარდნილ კანონპროექტს ხელახლა ინიცირება სჭირდება, რაც თვეებს მოითხოვს. ხოლო, თუკი ეს კანონპროექტი მეორე ან მესამე მოსმენაზე ჩავარდება, დეპუტატებს საშუალება აქვთ, მეორე დღესვე გამართონ ხელახალი კენჭისყრა. 

რაც შეეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, პარტია კენჭისყრაში მონაწილეობას საერთოდ არ მიიღებს მანამდე, სანამ გიორგი რურუა საპატიმროს არ დატოვებს.

კომენტარები