საკონსტიტუციო ცვლილებები

აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ ყველა მხარეს 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისაკენ

Shutterstock

აშშ-ის საელჩო საქართველოში პარლამენტის წევრებს საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას ულოცავს და ყველა მხარეს მოუწოდებს, 8 მარტის შეთანხმება სრულად შეასრულონ. 

"აშშ-ის საელჩო ულოცავს პარლამენტის წევრებს საქართველოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით მიღებას. ეს არის გაზრდილი საპარლამენტო პლურალიზმისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი. 

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ფართო მხარდაჭერით მიიღებენ და მოვუწოდებთ ყველა მხარეს 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისაკენ", - წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

21 ივნისს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 120/30-ზე პრინციპით ჩატარებას გულისხმობს. 136 მომხრე, 5 წინააღმდეგი – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.

პარლამენტში 120 დეპუტატის პროპორციული სიით, ხოლო 30-ის – მაჟორიტარულით არჩევა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს დადებული ისტორიული შეთანხმების ნაწილია. ამ შეთანხმების ნაწილია პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაც. შეთანხმებაში მოაზრებული პოლიტპატიმრებიდან ამ დრომდე ციხეში მხოლოდ მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა რჩება. 

ევროპული საქართველო, ისევე როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მიიჩნევს, რომ, ვინაიდან შეთანხმება ორნაწილიანია, ცვლილებების მხარდასაჭერად რურუას გათავისუფლებაა აუცილებელი. თუმცა ოპოზიციურმა პარტიებმა სხვადასხვა სტრატეგია აირჩიეს. 

მაგალითად, ევროპულმა საქართველომ გადაწყვიტა, რომ კანონპროექტისთვის პირველი მოსმენის დროს დაეჭირა მხარი და ამით ხელისუფლებისთვის გიორგი რურუას გასათავისუფლებლად მესამე მოსმენამდე დრო მიეცა. კიდევ ერთი არგუმენტი, რომელიც პარტიას აქვს, ისაა, რომ, ვინაიდან საქმე კონსტიტუციურ გადასინჯვას ეხება, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პირველი მოსმენის დროს ჩავარდნილ კანონპროექტს ხელახლა ინიცირება სჭირდება, რაც თვეებს მოითხოვს. ხოლო, თუკი ეს კანონპროექტი მეორე ან მესამე მოსმენაზე ჩავარდება, დეპუტატებს საშუალება აქვთ, მეორე დღესვე გამართონ ხელახალი კენჭისყრა. 

რაც შეეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, პარტია კენჭისყრაში მონაწილეობას საერთოდ არ მიიღებს მანამდე, სანამ გიორგი რურუა საპატიმროს არ დატოვებს.

კომენტარები