არასამთავრობო ორგანიზაციები

NGO-ები: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, 8 მარტის შეთანხმება სრულყოფილად შეასრულოს

არასამთავრობო ორგანიზაციები

ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას მიესალმება და ხელისუფლებას მოუწოდებს, 8 მარტის შეთანხმება სრულყოფილად შეასრულოს. NGO-ების შეფასებით, პოლიტიკური დიალოგის საერთაშორისო ფასილიტატორების განცხადება მკაფიოდ მიანიშნებს, რომ შეთანხმების ნაწილი სრულად შესრულებული არ არის.

"მივესალმებით საქართველოს პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას, რაც, როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების უმეტესობის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება 2020 წლის არჩევნების წინ ქვეყანაში სტაბილური და დემოკრატიული პოლიტიკური გარემოსთვის უმნიშვნელოვანესია და, არსებული რეალობის გათვალისწინებით, ამ ცვლილებების მხარდაჭერა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა.

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღება 8 მარტის შეთანხმების შესრულებისთვის გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 8 მარტის შეთანხმება, საარჩევნო სისტემის საკითხის გარდა, ასევე ითვალისწინებდა მართლმსაჯულების სისტემის არასათანადო პოლიტიზაციისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენების საკითხის გადაჭრას. გასულ კვირაში პოლიტიკური დიალოგის საერთაშორისო ფასილიტატორების მიერ გაკეთებული განცხადება მკაფიოდ მიანიშნებს, რომ შეთანხმების ეს ნაწილი სრულად შესრულებული არ არის.

მოვუწოდებთ მმართველ პარტიას და ხელისუფლებას, უზრუნველყოს 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულება, რათა გამოირიცხოს ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნით ანგარიშსწორებისთვის გამოყენების განცდა და ამასთან, დროულად და დაბრკოლებების გარეშე იქნას მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტის საარჩევნო სისტემის შესაცვლელად.

იმის გათვალისწინებით, რომ 8 მარტის შეთანხმების შესრულება და საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოში სტაბილური, უფრო სამართლიანი და დემოკრატიული საარჩევნო გარემოსთვის უმნიშვნელოვანესია, ვიმედოვნებთ, რომ ყველა პოლიტიკური პარტია აიღებს თავის წილ პასუხისმგებლობას 8 მარტის შეთანხმების შესასრულებლად და გადადგამს გონივრულ ნაბიჯებს, რათა საკონსტიტუციო ცვლილებები სამივე მოსმენით დროულად დამტკიცდეს". –ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც არიან სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) და საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TIG).

----

21 ივნისს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 120/30-ზე პრინციპით ჩატარებას გულისხმობს. 136 მომხრე, 5 წინააღმდეგი – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.

პარლამენტში 120 დეპუტატის პროპორციული, ხოლო 30-ის – მაჟორიტარული სიით არჩევა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს დადებული ისტორიული შეთანხმების ნაწილია. ამ შეთანხმების ნაწილია პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაც. შეთანხმებაში მოაზრებული პოლიტპატიმრებიდან ამ დრომდე ციხეში მხოლოდ მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა რჩება. 

ევროპული საქართველო, ისევე როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მიიჩნევს, რომ ვინაიდან შეთანხმება ორნაწილიანია, ცვლილებების მხარდასაჭერად რურუას გათავისუფლებაა აუცილებელი. თუმცა, ოპოზიციურმა პარტიებმა სხვადასხვა სტრატეგია აირჩიეს. 

მაგალითად, ევროპულმა საქართველომ გადაწყვიტა, რომ კანონპროექტისთვის პირველი მოსმენის დროს დაეჭირა მხარი და ამით ხელისუფლებისთვის გიორგი რურუას გასათავისუფლებლად მესამე მოსმენამდე დრო მიეცა. კიდევ ერთი არგუმენტი, რომელიც პარტიას აქვს, ისაა, რომ, ვინაიდან საქმე კონსტიტუციურ გადასინჯვას ეხება, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პირველი მოსმენის დროს ჩავარდნილ კანონპროექტს ხელახლა ინიცირება სჭირდება, რაც თვეებს მოითხოვს. ხოლო, თუკი ეს კანონპროექტი მეორე ან მესამე მოსმენაზე ჩავარდება, დეპუტატებს საშუალება აქვთ, მეორე დღესვე გამართონ ხელახალი კენჭისყრა. 

რაც შეეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, პარტია კენჭისყრაში მონაწილეობას საერთოდ არ მიიღებს მანამ, სანამ გიორგი რურუა საპატიმროს არ დატოვებს

კომენტარები