ევროპული საქართველო

აბესაძე ქართული ოცნების ლობისტების წერილზე: დროისა და რესურსის ფუჭი ფლანგვაა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატი, ოთარ აბესაძე ქართული ოცნების ლობისტების წერილს დროისა და "ფინანსების ფუჭ ფლანგვას" უწოდებს.

ლობისტები წერილში წერენ, რომ ქართული ოცნება შეშფოთებულია რესპუბლიკელი კონგრესმენების შემსწავლელი კომიტეტის ანგარიშში ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ "ნეგატიური განცხადებებით". 

"პარტია ქართული ოცნებაცა და ხელისუფლებაც მილიონობით ლარს ხარჯავს აშშ-ში და ვხედავთ, რომ ამას მხოლოდ და მხოლოდ პერსონა ივანიშვილის სახელის დასაცავად და იმ ფუნდამენტური პრობლემების დასამალად აკეთებს, რაც ქვეყნის შიგნით არის და რასაც ძალიან ცხადად და კარგად ხედავენ ჩვენი პარტნიორები აშშ-ში. 

მწვავე და ფუნდამენტური პრობლემების არსებობის პირობებში სცადო, რომ კონგრესმენებს მოსაზრება ცარიელი ფურცლებითა და ქაღალდებით შეუცვალო, ფუჭი ფლანგვაა, როგორც ფინანსების, ასევე დროის რესურსების. რაც მთავარია, ეს აჩვენებს, რომ ქართულმა ოცნებამ სრულად ამოწურა ხელისუფლებაში ყოფნის რესურსი". – ამბობს აბესაძე. 

რესპუბლიკელი კონგრესმენებისადმი ქართული ოცნების მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის წერილი 16 ივნისს გამოქვეყნდა

"ქართული ოცნება გამოხატავს შეშფოთებას მისი ლიდერისა და დამფუძნებლის, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით ნეგატიური განცხადებების გამო. ეს კომენტარები, როგორც ჩანს, დოკუმენტებზე დაყრდნობით არ გაკეთებულა. ქართული ოცნება აღნიშნავს, რომ მისი მეთაურობით ქართული ოცნების მთავრობამ საქართველო დასავლურ ალიანსსა და აშშ-ს უფრო მეტად დაუახლოვა, ვიდრე ოდესმე ქვეყნის ისტორიაში". – ნათქვამია წერილში, რომელიც კონგრესმენებს გაეგზავნა.

10 ივნისს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ აშშ-მა უნდა გაზარდოს სანქცირებულ ადამიანთა სია, რომელშიც, თავის მხრივ, უნდა შევიდნენ ისეთი ოლიგარქები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ეხმარებიან. მათ შორის ასეთ ადამიანად მოხსენიებულია ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.

უფრო კონკრეტულად, რესპუბლიკელი კონგრესმენების მიერ წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, ივანიშვილი პუტინის "ახლო მოკავშირეა" და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული, შესამისად, საჭიროა სანქციების დაწესება.

ვრცლად წაიკითხეთ აქ

ანგარიშს ხელს აწერს 13 კონგრესმენი: მაიკ ჯონსონი, ჯო უილსონი, რობ უიტმენი, ენ ვაგნერი, ალექს მუნი, დონ ბეკონი, ჯეკ ბერგმანი, ნილ დანი, ქლეი ჰიგინსი, რალფ ნორმანი, დენ ქრენშოუ, ბრაიან სტილი და მაიკლ უოლტზი. ეს ნიშნავს, რომ ტექსტის მომზადებაზე უშუალოდ ეს კონგრესმენები მუშაობდნენ, თუმცა, მის შინაარსს 147 კონგრესმენი იზიარებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ხუთმა პირმა ადამიანი შურისძიების მიზნით გაიტაცა და სცემა, ბრალდებულები დავაკავეთ

კომენტარები