ჩინეთი

ჩინეთმა ჰონგ-კონგის უსაფრთხოების კანონის გეგმა გაასაჯაროვა

CNN

ჩინეთმა ჰონგ-კონგის უსაფრთხოების კანონის გეგმა გაასაჯაროვა. გეგმის მიხედვით, ჩინეთის მთავრობას ჰონგ-კონგის დამოუკიდებელი საკანონმდებლო სისტემის გადაწერა შეეძლება. ჩინეთის მთავრობა ქალაქში შექმნის ეროვნული უსაფრთხოების ოფისებსაც, რაც ჰონგ-კონგის ავტონომიას შეამცირებს.

ჩინური მედია წერს, რომ კანონი ჰონგ-კონგის მმართველს შესაძლებლობას მისცემს თავად აარჩიოს ის მოსამართლეები, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საქმეებს განიხილავენ. მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგის სასამართლო კვლავ განიხილავს ეროვნული უსაფრთხოების საქმეებს, ჩინეთის უშიშროების ორგანოებს ექნებათ ძალაუფლება, საკუთარი იურისდიქცია გაავრცელონ მათ მიერ შერჩეულ საქმეებზე. განსაზღვული არ არის კრიტერიუმები, რომლითაც ეს საქმეები შეირჩევა.

ეროვნული უშიშროების საქმეებად მიიჩნევა სეცესია, ხელისუფლების დამხობა, ტერორისტული აქტები და უცხო ქვეყნებთან თანამშრომლობა, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს უქმნის.

ეროვნული უსაფრთხოების ოფისები შეაგროვებენ და გააანალიზებენ ინფორმაციას და ზედამხედველობას გაუწევენ ჰონგ-კონგის პოლიციას.

გეგმის მიხედვით, ჰონგ-კონგის მთავრობამ უნდა შექმნას ეროვნული უშიშროების კომისიაც, რომელსაც მთავრობის ლიდერი, კერი ლამი უხელმძღვანელებს. კომისიაში ჩინეთის მთავრობა მრჩეველს დანიშნავს.

ამჟამად კანონპროექტს ჩინეთის მთავრობა განიხილავს. მათ სურთ, ის ჰონგ-კონგის საკანონმდებლო ორგანოების გვერდის ავლით დაამტკიცონ. ჩინეთის ეროვნულ სახალხო კონგრესში კანონს უკვე დაუჭირეს მხარი. მომხრე 2 878 დელეგატი იყო, მოწინააღმდეგე – მხოლოდ ერთი. კანონს ახლა ჩინეთის კომუნისტური პარტიის საკანომდებლო კომიტეტი განიხილავს და ძალაში, სავარაუდოდ, აგვისტოში შევა.

კერი ლამმა თქვა, რომ ჰონგ-კონგის მთავრობა სრულად უჭერს მხარს კანონპროექტს.

ოპოზიცია და ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები კანონს აკრიტიკებენ და მიაჩნიათ, რომ ის ქალაქის ავტონომიას ძირს გამოუთხრის. კანონის მიღების შემთხვევაში აშშ ჰონგ-კონგთან სპეციალური სავაჭრო შეთანხმების გაუქმებითა და ჩინეთისათვის სანქციების დაწესებით იმუქრება.

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი ჰონგ-კონგის მოქალაქეებს ბრიტანეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას დაჰპირდა.

ჩინეთის პრემიერი ირწმუნება, რომ ახალი კანონები წინააღმდეგობაში არ მოდის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" პრინციპებთან და ის ქალაქში სტაბილურობის დამყარებას შეუწყობს ხელს. კონტინენტურ ჩინეთში ეროვნული უსაფრთხოების კანონებს აქტივისტების, ადამიანის უფლებათა დამცველების, ადვოკატებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ იყენებენ.

კომენტარები