რუსეთი

პესკოვი: რუსეთს მეზობლებთან ტერიტორიული პრობლემები არ აქვს

დმიტრი პესკოვი
TheMoscowTimes

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ რუსეთს თავის მეზობელ ქვეყნებთან ტერიტორიებთან დაკავშირებული პრეტენზიები არ აქვს. 

"არა, რუსეთს თავის მეზობლებთან ტერიტორიული პრეტენზიები არ აქვს". – თქვა პესკოვმა. 

პრეზიდენტმა პუტინმა Россия 1-ის ეთერში გასულ გადაცემაში "მოსკოვი. პუტინი. კრემლი" თქვა, რომ საბჭოთა კავშირის შექმნის დროს კავშირში შემავალმა ბევრმა რესპუბლიკამ "რუსეთის მიწების უზარმაზარი ნაწილები და ტრადიციული რუსული ისტორიული ტერიტორიები მიიღეს". 

ამასთან, ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, რომ სსრკ-დან გასვლის დროს ყველა ეს რესპუბლიკა იმ ტერიტორიებით უნდა გასულიყო, რომლითაც საბჭოთა კავშირში შევიდნენ. 

"არ უნდა წაეყოლებინათ რუსი ხალხის საჩუქარი". – თქვა პუტინმა. 

რუსეთის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელ მიწებს და ტერიტორიებს გულისხმობს, თუმცა იმავე გადაცემაში თქვა, რომ ყირიმი ყოველთვის იყო რუსეთის ტერიტორია. 

ქვეყანას, რომელსაც პესკოვის ცნობით, მეზობელ ქვეყნებთან ტერიტორიული "პრეტენზიები" არ აქვს, ოკუპირებული აქვს მეზობელი საქართველოს ორი რეგიონი – აფხაზეთი და ცხინვალი. რაც შეეხება ყირიმის ნახევარკუნძულს, რუსეთის მიერ მისი ანექსია 2014 წელს მოხდა. 

კომენტარები