პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს ხვალ მეორე, მომავალ კვირას მესამე მოსმენით უყრის კენჭს

ტაბულა

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 120/30-ზე პრინციპით ჩატარებას გულისხმობს, ხვალ, 23 ივნისს, მეორე მოსმენით, ხოლო მომავალ კვირას მესამე მოსმენით უყრიან კენჭს. ამის შესახებ დღევანდელ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ თქვა.

"ამით პარლამენტი სამჯერ განიხილავს და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო სისტემაზე მსჯელობას დაასრულებს". – თქვა თალაკვაძემ.

136 ხმა 5-ის წინააღმდეგ – გუშინ, 21 ივნისს, პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს.

პარლამენტში 120 დეპუტატის პროპორციული სიით, ხოლო 30-ის – მაჟორიტარულით არჩევა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს დადებული ისტორიული შეთანხმების ნაწილია. ამ შეთანხმების ნაწილია აგრეთვე პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. შეთანხმებაში მოაზრებული პოლიტპატიმრებიდან ამ დრომდე ციხეში მხოლოდ მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა რჩება.

ევროპული საქართველო, ისევე, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მიიჩნევს, რომ, ვინაიდან შეთანხმება ორნაწილიანია, ცვლილებების მხარდასაჭერად რურუას განთავისუფლებაა აუცილებელი.

ევროპულმა საქართველომ გადაწყვიტა, კანონპროექტისთვის პირველი მოსმენის დროს მხარი დაეჭირა და ამით ხელისუფლებისთვის გიორგი რურუას გასათავისუფლებლად დრო მიეცა მესამე მოსმენამდე. კიდევ ერთი არგუმენტი, რომელიც პარტიას აქვს, ისაა, რომ, ვინაიდან საქმე კონსტიტუციურ გადასინჯვას ეხება, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პირველი მოსმენის დროს ჩავარდნილ კანონპროექტს ხელახლა ინიცირება სჭირდება, რაც თვეებს მოითხოვს. ხოლო, თუკი ეს კანონპროექტი მეორე, ან მესამე მოსმენაზე ჩავარდება, დეპუტატებს საშუალება აქვთ, მეორე დღესვე გამართონ ხელახალი კენჭისყრა.

თუმცა, დაპირების თანახმად, პარტია ხვალინდელ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს.

რაც შეეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას საერთოდ არ მიიღებს მანამ, სანამ გიორგი რურუა საპატიმროს არ დატოვებს.

კომენტარები