ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმე

ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახი გერმანიაში დაცვას ითხოვს

ზელიმხან ხანგოშვილი

ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახი გერმანიის ხელისუფლებას მათთვის დაცვის გამოყოფას სთხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle-ს რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს. 

გამოცემა თავის მასალაში ხანგოშვილის ოჯახის განცხადებას ეყრდნობა, რომელიც 22 ივნისს გავრცელდა. "მოვითხოვთ, რომ ჩვენი ოჯახის წევრებს, რომლებსაც ჯერაც არ მიუღიათ სახელმწიფო დაცვა, უახლოეს პერიოდში მიიღონ ეს დაცვა როგორც გერმანიაში, ასევე, შვედეთში". – წერია ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ოჯახის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შიში, რომლის გამოც ოჯახმა სამშობლო დატოვა, "სამწუხაროდ გამართლდა." განცხადებაში ოჯახის წევრები გამოთქვამენ სიხარულს, რომ გერმანიის პროკურატურამ ოფიციალურად წარუდგინა ბრალი მკვლელობაში ეჭვმიტანილს. 

18 მაისს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ოფიციალურად წარუდგინა ბრალი. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის ფედერალური პროკურატურის ვებგვერდზეა განთავსებული.

გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადებაში ლაპარაკია მკვლელობის გარემოებებზე, მათ შორის, ხანგოშვილის ურთიერთობებზე რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებასთან. განცხადებაში საქართველოს მთავრობა მოხსენიებულია, როგორც პრორუსული.

"მკვლელობის შეკვეთის უკან იდგა მსხვერპლის წინააღმდეგობა რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკების, ისევე, როგორც საქართველოს პრორუსული მთავრობის მიმართ". – ნათქვამია განცხადებაში.

ზელიმხან ხანგოშვილი, რომელსაც გერმანიის პროკურატურა თორნიკე ქავთარაშვილად მოიხსენიებს, ბერლინში 2019 წლის აგვისტოში მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულს კი რუსული პასპორტი აღმოაჩნდა.

გერმანულმა მხარემ რამდენჯერმე მიმართა რუსეთს გამოძიებაში დახმარების თხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. საბოლოოდ, 4 დეკემბერს გერმანიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა. მოგვიანებით საპასუხო ზომები მიიღო მოსკოვმაც.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე უფრო მეტი წაიკითხეთ აქ.

კომენტარები