გიორგი რურუას გათავისუფლება

გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გაიმართა

მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუას მხარდამჭერებმა და მეგობრებმა პარლამენტთან აქცია გამართეს რურუას გათავისუფლების მოთხოვნით.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების ერთერთ მთავარ პუნქტს ახსენებენ, რომლის მიხედვითაც მმართველ პარტიას პოლიტიკურ დევნაზე უარი უნდა ეთქვა.

აქციის ერთერთი მონაწილე, რომეო ფარულავა ამბობს, რომ გიორგი რურუა უკანონო  პატიმრობაში დატოვეს,

"დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ადამიანებს, რომ ყველა პუნქტი არის შესასრულებელი. როგორც საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს გიორგი რურუას პოლიტიპატიმრად, გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ იგი უნდა გათავისუფლდეს". – ამბობს რომეო  ფარულავა

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დღევანდელი შეკრება სიმბოლურია, რადგან აქციის  პარალელურად პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს. გიორგი რურუას მეგობრები მესამე მოსმენასაც ელოდებიან და ამბობენ, რომ თუ ამ პერიოდში გიორგი  რურუას საპატიმროდან არ გაათავისუფლებენ, აქცია პერმანენტულ და უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.

გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და ტარების ბრალდებით 18 ნოემბერს დააკავეს – იმ დროს, როდესაც პარალელურად პარლამენტის შენობასთან ოპოზიციური პარტიებისა და მოძრაობა სირცხვილიას აქციები იმართებოდა.

რურუას ოჯახის წევრები მის დაკავებას მთავარი არხის მეწილეობასთან ერთად მოძრაობა სირცხვილიას აქციების დაფინანსებასაც უკავშირებენ.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები რურუას პოლიტპატიმრად მოიხსენიებენ და დაჟინებით მოუწოდებენ ხელისუფლებას, 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე პატიმრობიდან გაათავისუფლონ.

კომენტარები