გიორგი რურუას საქმე

კარპენტერი: მიმაჩნია, რომ მმართველმა პარტიამ გიორგი რურუა უნდა გაათავისუფლოს

მაიკლ კარპენტერი
Official Publication

ჯო ბაიდენის ცენტრის დრიექტორმა, მაიკლ კარპენტერმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში საქართველოში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა და თქვა, რომ ამ მოვლენებში აუცილებელია პოლიტიკური თამაშის წესების დაცვა.

კარპენტერი ამბობს, რომ პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა. 

"მე ვნახე ბატონ რურუას წინააღმდეგ არსებული ბრალდებები, თქვენ შეგიძლიათ დაიჯეროთ, ან არ დაიჯეროთ ამ ბრალდებების სიმართლე. მე მიმაჩნია, რომ მმართველმა პარტიამ ის უნდა გაათავისუფლოს". – ამბობს კარპენტერი.

მაიკლ კარპენტერი ამბობს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოში შიდა პოლიტიკური პოლარიზაცია განსაკუთრებით გამოიკვეთა. მისივე თქმით, მხარეებმა მომავალი პროგრესისთვის უკვე არაერთხელ შეძლეს პოლიტიკურ კომპრომისზე წასვლა და ახლა არის დრო, რომ ეს კიდევ ერთხელ გააკეთონ.

ამის მთავარი გამოხატულება ოქტომბრის არჩევნების მაქსიმალურად კონკურენტულ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება იქნება. კარპენტერის აზრით, რუსეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არ შეცვლილა და შეერთებული შტატების კონგრესშიც საქართველოს მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა ჯერ ისევ არსებობს.

"საქართველოში კარგი ისაა, რომ დიალოგი მიმდინარეობს. იმედი მაქვს, ამ კომპრომისის მიღწევა შესაძლებელი იქნება". – ამბობს კარპენტერი.

8 მარტს მთავრობასა და ოპოზიაციას შორის დადებული ისტორიული შეთანხმება, რომელშიც აშშ-ს, ისევე, როგორც ევროკავშირის წარმომადგენლებს ფასილიტატორების როლი ჰქონდათ, საარჩევნო სისტემების ცვლილებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებდა. შეთანხმება ამ დროისთვის ნაწილობრივ შესრულებულია.

შეთანხმებაში მოხსენიებული სამი პოლიტპატიმრიდან ორი – ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი, გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა 15 მაისს შეიწყალა. შეწყალებას წინ უძღოდა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების დაჟინებული მოწოდებები. თუმცა, პატიმრობაში კვლავ რჩება გიორგი რურუა. 

კომენტარები