ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეის არმია დემილიტარიზებულ ზონაში ხმის გამაძლიერებლებს ამონტაჟებს

koreajoongangdaily

ჩრდილოეთ კორეამ საზღვარზე პროპაგანდის გავრცელებისთვის ხმის გამაძლიერებლების განთავსება დაიწყო. სამხრეთ კორეის წარმომადგენლის განაცხადებით, მათი მხარეც განიხილავს საზღვარზე ხმის გამაძლიერებლების დაბრუნებას, თუმცა, ვინაიდან ჩრდილოეთს პროპაგანდის გადაცემა არ დაუწყია, სამხრეთი ჯერ მხოლოდ საპასუხო მოქმედებებისთვის მზადების პროცესშია.

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობა უკანასკნელი კვირების განმავლობაში დაიძაბა, მას შემდეგ რაც ჩრდილოეთ კორეამ საზღვრის თავის მხარეს სამხრეთ კორეასთან სამეკავშირეო ოფისი ააფეთქა, დიალოგი დასრულებულად გამოაცხადა და სამხრეთს სამხედრო მოქმედებების დაწყებით დაემუქრა. 

ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზნით პროპაგანდის გასავრცელებლად ორი ქვეყანა ათწლეულების განმავლობაში იყენებდა საზღვარზე ხმის გამაძლიერებლებს. ამ სისტემის გამოყენებით სამხრეთ კორეა ახალ ამბებს, პოპ-სიმღერებსა და ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის კრიტიკას გადასცემდა, ხოლო ჩრდილოეთი, თავის მხრივ, სამხრეთ კორეის კრიტიკასა და სოციალისტური სისტემის პროპაგანდას ავრცელებდა. საზღვრიდან ხმის გამაძლიერებლები ორივე ქვეყანამ 2018 წელს გაიტანა, მას შემდეგ, რაც მხარეები მტრული მოქმედებების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.  

ჩრდილოეთსა და სამხრეთ კორეასა შორის ურთიერთობის დაძაბვას წინ უძღოდა ჩრდილოეთის მხრიდან სამხრეთთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა. მიზეზი ჩრდილოეთ კორეაში სამხრეთიდან გაგზავნილი პროკლამაციებია. ბუშტებზე მიბმულ ბროშურებსა და მეხსიერების ბარათებს, რომლებიც სამხრეთ კორეულ ფილმებსა და ახალ ამბებს შეიცავს, ჩრდილოეთ კორეიდან გამოქცეულ პირთა ჯგუფები საზღვარზე უშვებენ. ჩრდილოეთ კორეაში ამბობენ, რომ ეს საფრთხეს უქმნის საზღვართან მცხოვრებ ადამიანებს.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამწვავების ფონზე სამხრეთ კორეის გაერთიანების მინისტრი თანამდებობიდან გადადგა.

ფხენიანის სამთავრობო მედიის განცხადებით გაბრაზებულმა ჩრდილოეთ კორეელებმა 12 მილიონი პროკლამაცია გაამზადეს სამხრეთ კორეაში გასაგზავნად. 

კომენტარები