ჩინეთი

ჩინეთში COVID-19-ის გაშუქების, მთავრობის კრიტიკის გამო კიდევ ერთი ჟურნალისტი დააპატიმრეს

ჭანგ ჭანი

ჩინელი სამოქალაქო ჟურნალისტი, ჭანგ ჭანი, 14 მაისს ქალაქ ვუხანში მას შემდეგ დააკავეს, რაც Twitter-ზე და YouTube-ზე ახალ კორონავირუსზე მთვარობის მიერ მიღებული ზომები გააკრიტიკა. ახლა კი მას ბრალი წარუდგინეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის. 

კომუნისტურ ჩინეთში ამ ბრალდებას აქტივისტების, დისიდენტების, მწერლების წინააღმდეგ იყენებენ, რომლებიც კომუნისტურ პარტიას აკრიტიკებენ. 

1 თებერვალს ჭანგ ჭანი შანხაიდან ვუხანში გაემგზავრა, რათა მიმდინარე ახალი კორონავირუსის ეპიდემია გაეშუქებინა. 

ჭანგმა YouTube-ზე ბოლო ვიდეო 13 მაისს ატვირთა, სადაც ის საგანგებო მდგომარეობის შედეგად გამოწვეულ უმუშევრობაზე საუბრობდა.

16 თებერვალს მან დაწერა, რომ ჩინეთის მთავრობა სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ახალი კორონავირუსის უამრავ შემთხვევასა და გარდაცვლილთა რიცხვს მალავდა. ჭანგ ჭანმა ჩინეთის მთავრობა ჩინეთში ადამიანის უფლებების ნაკლებობისთვისაც გააკრიტიკა.

ჭანგი ამჟამად შანხაიში, პუტინგის ახალი რაიონის საპატიმროში იმყოფება. 

მისი მეგობრის თქმით, დაპატიმრებული ბრალდებას უარყოფს.

ჭანგის კიდევ ერთი მეგობარი ამბობს, რომ 2019 წელს ის შანხაიში შეუერთდა ჰონგ-კონგში ექსტრადიციის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების მხარდამჭერ მსვლელობას და ამისთვის დააკავეს. 65-დღიანი პატიმრობის შედეგ ის გაათავისუფლეს. პატიმრობის დროს ჭანგ ჭანმა პროტესტის ნიშნად ორჯერ იშიმშილა.  

ჭანგ ჭანი შანხაიში საცხოვრებლად 2010 წელს შაანსის პროვინციიდან ჩავიდა. ის პროფესიით ადვოკატია და ამ განხრით მუშაობდა მანამ, სანამ მას ლიცენზია არ ჩამოართვეს. 

გასული წლის დეკემბრიდან ჩინეთის მთავრობამ ახალ კორონავირუსზე ინფორმაციის გავრცელების, მთავრობის კრიტიკის გამო ათასობით ადამიანი დააკავა. 

ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს 21 თებერვალს გავრცელებული განცხადების მიხედვით, "საზიანო, ცრუ, გაყალბებული ინფორმაციის განზრახ გავრცელების" 5 111 შემთხვევა აღრიცხეს. 

აღსანიშნავია, რომ სამ თვეზე მეტია უცნობია ინფორმაცია ცნობილი ჩინელი სამოქალო ჟურნალისტის, ჩენ ციუშ'ს შესახებ .

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის სპიკერმა, მორგან ორტაგუსმა, თქვა, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის პირველი გმირები არიან ის ჩინელები, რომლებმაც მსოფლიოს ვირუსის შესახებ რისკის ფასად ამცნეს.

აშშ ჩინეთს სტატისტიკის გაყალბებასა და კორონავირუსზე ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს.

ჩინეთი 2019 წლის მედიათავისუფლების ინდექსით 180 ქვეყნიდან 177-ე ადგილს არის და მხოლოდ ერიტრეას, ჩრდილოეთ კორეასა და თურქმენეთს უსწრებს.

გასული წლის სექტემბერში ჩინეთში გამოაცხადეს, რომ ჩინეთში პრესბარათის ასაღებად პრეზიდენტისადმი ერთგულების ტესტის ჩაბარება იქნება საჭირო.

კომენტარები