აშშ-გერმანია

კონგრესმენები ტრამპს მოუწოდებენ, გერმანიიდან სამხედროების შემცირების გეგმას გადახედოს

მაიკ მაკკოლი

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელ კონგრესმენთა ჯგუფმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, რომ გერმანიაში აშშ-ის სამხედროების რიცხვის შემცირების გადაწყვეტილებას გადახედოს.

15 ივნისს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ის გერმანიაში აშშ-ს სამხედროების რიცხვის 25 000-მდე შემცირებას აპირებს – "ამრიგად, ჩვენ გერმანიას ვიცავთ და ისინი არ იხდიან. ეს უაზრობაა".

ექვსი რესპუბლიკელი კონგრესმენი ამბობს, რომ ამერიკელი სამხედროების გერმანიაში ყოფნა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ნატოს შეკავების ხერხემალია.

კონგრესმენებმა თქვეს, რომ გერმანიაში მათი ჯარისკაცების ყოფნა ვაშინგტონის სტრატეგიულ ინტერესებს ევროპის იქით, შუა აზიაში და აფრიკაშიც ემსახურება, სადაც გაზრდილია რუსეთის და ჩინეთის გავლენა.

"ახლა არ არის დრო რაიმე ქმედებისთვის, რაც პუტინის რეჟიმისთვის ნატოს შეკავების [სტრატეგიის] სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს, ან ჩვენი, ნატოს მოკავშირეებისთვის და პარტნიორებისთვის, აშშ-ს ძალისხმევას ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოებისთვის, ეჭვქვეშ დააყენებს". – წერენ კონგრესმენები.

რესპუბლიკელები ამბობენ, რომ მოსკოვსა და პეკინს სურთ, აშშ-სა და მის მოკავშირეებს შორის უთანხმოება დაინახონ.

გასულ კვირას დემოკრატებმა წარადგინეს კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაშიც ტრამპს გერმანიიდან ჯარების გამოყვანის გეგმას დაუბლოკავენ. კანონპროექტი სამხედროების გაყვანისთვის დაფინასების შეჩერებას ითვალისწინებს.

5 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპმა პენტაგონს გერმანიიდან 9 500 ამერიკელი ჯარისკაცის გამოყვანა უბრძანა. გეგმის შესაძლო ამოქმედებამდე ის აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა უნდა დაამტკიცოს.

ოფიციალური პირის განცხადებით, ეს ნაბიჯი ამერიკის წამყვანი სამხედრო ოფიცრის, გაერთიანებული შტაბის უფროსის, გენერალ მარკ მილის რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგია და ამას საერთო არაფერი აქვს ტრამპსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის არსებულ დაძაბულობასთან.
 
დმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ 9 500 ჯარისკაცს სხვა ადგილას გადაიყვანენ – ზოგს პოლონეთში, ნაწილს სხვა მოკავშირე ქვეყნებში. ზოგი კი სახლში დაბრუნდება.

მისივე თქმით, აშშ-ის ლიდერობით NATO-ს სამხედრო ალიანსის ჯამური გაზრდილი თავდაცვის ხარჯების გამო გერმანიაში ფართო კონტიგენტის ნაკლები საჭიროებაა.

ამ დროისთვის გერმანია ევროპაში ყველაზე მეტ ამერიკელ სამხედროს მასპინძლობს. მას მოსდევს იტალია, გაერთიანებული სამეფო და ესპანეთი.

ცნობებს უკვე გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერმინისტრი, მეტუშ მორავიეცკი. ის იმედოვნებს, რომ ზოგ ამერიკელ ჯარისკაცს პოლონეთში გადაიყვანენ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპი NATO-სთვის დაფინანსების შემცირებას აპირებს. ის სხვა წევრ ქვეყნებს კონტრიბუციის გაზრდისკენ მოუწოდებს, განსაკუთრებით კი გერმანიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებს, რათა მათ თავდაცვის ბიუჯეტი NATO-ს მიერ განსაზღვრულ 2%-მდე გაზარდონ.

2019 წლის ნოემბერში გერმანიის თავდაცვის მინსტრმა, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს უთხრა, რომ 2031 წლამდე გერმანია NATO-ში სამიზნე 2%-იან კონტრიბუციას მიაღწევს:

"2024 წლამდე ჩვენ უნდა დავხარჯოთ [მშპ-ის] 1.5% და საბოლოოდ, 2031 წლამდე – 2%".

ამჟამად NATO-ს წევრი მხოლოდ 7 ქვეყანა აკმაყოფილებს თავდაცვაზე სამიზნე მინიმალურ 2%-იან კონტრიბუციას. ეს ქვეყნებია აშშ, ბრიტანეთი, საბერძნეთი, პოლონეთი, ლატვია, ლიტვა და ესტონეთი. ჯამში, ალიანსში გაწევრიანებული ყველა ევროპული ქვეყანა თავდაცვაზე 1.51%-ს ხარჯავს.

გერმანიას ევროპაში და NATO-ში აშშ-ს შემდეგ ყველაზე დიდ ეკონომიკა აქვს. გერმანია ამჟამად NATO-ში მშპ-ის 1.23%-ს ხარჯავს, რაც, დაახლოებით, 50 მილიარდი აშშ დოლარია.

2018 წლის ივლისში აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ის ევროპული ქვეყნები გააკრიტიკა, რომლებიც თავიანთი თავდაცვისთვის NATO-ში საკმარის თანხას არ ხარჯავდნენ:

"გერმანია, რომელიც ევროკავშირის უდიდესი ქვეყანაა, მშპ-ს მხოლოდ 1%-ს იხდის, უნდა დაიწყოთ თანხის გადახდა. აშშ ყველაფერზე არ იზრუნებს".

ამას გარდა, მან განაცხადა, რომ რუსეთს გერმანიაზე სრული კონტროლი აქვს დამყარებული და გერმანია რუსეთის მძევალია.

"რუსეთი გერმანიას სრულად აკონტროლებს. ახალი გაზსადენის აშენების შემდეგ ბუნებრივი გაზის მიწოდების 70% რუსეთიდან შემოვა. ჩვენ უნდა დაგიცვათ, თქვენ კი მილიარდობით დოლარს რუსეთს უხდით. ჩვენ ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ". – მიმართა ტრამპა სტოლტენბერგს.

5 ივნისს სენატში რუსული გაზსადენის Nord Stream-ისთვის სანქცების ახალი პროექტი დაარეგისტრირეს.

ახალი ვერსიით, გასული წლის დეკემბერში დაწესებული სანქციები მილსადენის მშენებლობის ყველა ეტაპსა და პროექტის დაზღვევაში მომუშავე ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეეხება.

კომენტარები