უგულავა: ელისაშვილი 2 ადგილს ითხოვდა, სამწუხაროა, ცხვირზე შორს რომ ვერ იყურება

ტაბულა

ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი, გიგი უგულავა ამბობს, რომ სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი, ალეკო ელისაშვილი თბილისში ორ მაჟორიტარულ ოლქს ითხოვდა. 

საუბარია ოპოზიციური პარტიების შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკური სუბიექტები თბილისში, ისევე, როგორც სხვა საკვანძო ადგილებში ერთმანეთს კონკურენტ კანდიდატებს არ დაუყენებენ. ალეკო ელისაშვილი ამ შეთანხმებიდან გავიდა. 

"მე ძალიან ვწუხვარ, რომ მისი საუბრის 2/3 ეძღვნება ოპოზიციის ლანძღვას და, ნაკლებად, ქართული ოცნებისას. მას უნდა ესმოდეს, რომ რაც არ უნდა ბევრი ილაპარაკოს ქართული ოცნების მავნებლობაზე, როგორც კი ოპოზიციის ლანძღვას დაიწყებს, მედიის ინტერესიც ამაზე იქნება". – თქვა გიგი უგულავამ მთავარი არხის ეთერში. 

ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიები ალეკო ელისაშვილთან თანამშრომლობისთვის ღია იყვნენ და რომ ის თავადაც იყო მოწადინებული თანამშრომლობისთვის. 

"უბრალოდ, 2 ადგილს ითხოვდა. ამიტომ, არ მესმის დღეს პრინციპულ მიუღებლობაზე რომ საუბრობს, თუნდაც ევროპული საქართველოს მიმართ, ორი ადგილით პრინციპულად მისაღები ვიქნებოდით, როგორც ჩანს. ეს მის სინდისზე იყოს. მისი არჩევანი არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი ვაჭრობისგან. ღმერთმა ხელი მოუმართოს, უბრალოდ, საწყენია, რომ საკუთარ ცხვირზე შორს ვერ იყურება ეს ადამიანი". – ამბობს გიგი უგულავა. 

ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილი ოპოზიციური პარტიების ერთობის დატოვების შემდეგ ალეკო ელისაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრ ანა დოლიძესთან და ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატ ლევან კობერიძესთან ერთად პოლიტიკური პლატფორმა შექმნა. ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ სამივემ თბილისში იყაროს კენჭი. 

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების შეთანხმებას, პარტიები საერთო კანდიდატების დაყენებაზე თბილისის 8-დან 6 ოლქში შეთანხმდნენ. პარტიებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება. 

სია ასე გამოიყურება: 

  • ვაკე – ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო).
  • გლდანი – ნიკა მელია (ენმ).
  • ისანი – გიორგი ვაშაძე (ახალი საქართველო).
  • სამგორი – ლევან ხაბეიშვილი (ენმ).
  • მთაწმინდა და კრწანისი – შალვა შავგულიძე (თავისუფალი დემოკრატები).
  • ნაძალადევი – შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია).

კომენტარები