გიორგი გაბუნიას საქმე

მელაძე გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით სუს-ში დაიბარეს

ნოდარ მელაძე
ტვ პირველი

ტვ პირველის მთავარი პროდიუსერი, ნოდარ მელაძე გიორგი გაბუნიაზე სავარაუდო თავდასხმის მომზადების საქმესთან დაკავშირებით სუს-ში დაიბარეს:

"საქმე ეხება მათ წარმოებაში მყოფ სისხლის სამართლის საქმეს, გიორგი გაბუნიაზე სავარაუდო თავდასხმის მომზადების საქმეს".

ნოდარ მელაძის თქმით, სუს-მა მას უთხრა, რომ სახელმწიფო უშიშროების სამსახური დაინტერესდა იმ ჟურნალისტური გამოძიებით, რომელიც შაბათს ტვ პირველმა მოამზადა.

მისი თქმით, მათ გარკვეული კითხვები აქვთ იმ მასალასთან დაკავშირებით, რომელიც ტვ პირველმა გაასაჯაროვა.

სუს-ში გამოკითხვაზე ასევე დაიბარეს ტვ პირველის შაბათის ეთერის ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე. მელაძის თქმით, ის აღნიშნული ჟურნალისტური გამოძიების ავტორია.

"მაყურებელს მინდა შევახსენო, რომ ჩვენ მოვიპოვეთ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტები ვასამბეკ ბოკოვთან დაკავშირებით, მათ შორის, რომელიც შესაძლოა, ქართული სპეცსამსახურებისთვისაც იყოს ახალი. არ ვიცი". – თქვა მან. 

ნოდარ მელაძე 24 ივნისს მივა სუს-ში.

შეგახსენებთ, რომ 15 ივნისს ჯერ ტელეკომპანია ფორმულამ, შემდეგ კი მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ეთნიკურად ინგუში რუსეთის მოქალაქე ბოკოვი საქართველოში ტელეწამყვანი გიორგი გაბუნიას მოსაკლავად იყო ჩამოსული. მთავარი არხის ცნობითვე, მკვლელობა ბოკოვს ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა შეუკვეთა.

საღამოს განცხადება გაავრცელა სუს-მაც. უწყებამ დაადასტურა, რომ რუსეთის მოქალაქე, ბრალდებული ვასამბეკ ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

2019 წლის ივლისში გიორგი გაბუნიამ რუსთავი 2-ზე საავტორო გადაცემის მონოლოგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დედა შეაგინა. ამ საქციელისთვის კერძო ტელევიზიის წამყვანი ქართული ოცნების მაღალჩინოსნებმა იმავე დღეს დაგმეს. თავად პუტინის გარდა, გაბუნიას მონოლოგს ჩეჩნეთის ლიდერიც გამოეხმაურა. კადიროვმა დაწერა, რომ "გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს".

2020 წლის 17 ივნისს კადიროვი ქართული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და დაწერა, რომ, თუკი ვინმე მისი ბრძანების მიხედვით მოქმედებს, ის ამას შეასრულებს.

"ბატონებო, მერწმუნეთ, თუკი ვინმე მოქმედებს ჩემი ბრძანებით, ის მას შეასრულებს, ხოლო, თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ და, მითუმეტეს, უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყანა, ამის შესახებ ვერ გაიგებს". – დაწერა კადიროვმა.

ჩეჩნეთის ლიდერი კიდევ ერთხელ დაემუქრა გიორგი გაბუნიას და დაწერა, რომ ჩეჩნეთსა და რუსეთში ჯერ კიდევ ახსოვთ, როგორ შეურაცხყო გაბუნიამ მათი სახელმწიფო და რომ გაბუნიას "უჯობს, მუხლებზე დაიჩოქოს და პატიება ითხოვოს", წინააღმდეგ შემთხვევაში, ის კადიროვის მტრად დარჩება.

ხელისუფლების არცერთი შტოს არცერთ წარმომადგენელს ამ დრომდე არ უხსენებია რუსეთი და მისგან მომავალი საფრთხე. ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ ელოდებიან გამოძიებას, რათა გაიგონ, ვის ინტერესებში შედიოდა გაბუნიას მკვლელობის მცდელობა.

კომენტარები