მკველელობა ხორავას ქუჩაზე

ზაზა სარალიძე გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს შეხვდა

ირაკლი შოთაძე | ზაზა სარალიძე
პარლამენტი | ტაბულა

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე, ადვოკატ ნესტან ლონდარიძესთან ერთად გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად ადვოკატი ავრცელებს.

"მე მომეცა შესაძლებლობა, ჩემი ხედვა და მოლოდინი წარმომედგინა მისთვის და მთავარი მესიჯი, რაც მივიღეთ, იყო ის, რომ გენერალური პროკურორი მზად არის გადადგას ქმედითი ნაბიჯები". – თქვა ნესტან ლონდარიძემ ტვ პირველთან ინტერვიუში. 

ჟურნალისტის კითხვაზე, იკვეთება თუ არა ინტერესთა კონფლიქტი, ადვოკატმა მიუგო: "როდესაც მიმდინარეობდა კანდიდატების შერჩევა, ადამიანის უფლებათა ცენტრის პოზიცია მკვეთრად იყო გამოხატული. ამასთანავე მეც ვაფიქსირებდი, რომ არ შეიძლებოდა ის პირი უძღვებოდეს ამ საქმეს, რომელიც იყო სწორედ იმ ორგანოს სათავეში, რომელიც ყველაზე მთავარი იყო ამ პროცესების მიმდინარეობის დროს".

18 თებერვალს ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურორად მეორედ აირჩიეს. 82 მომხრე, 0 წინააღმდეგი – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები. შოთაძე ამ თანამდებობას 6 წლის ვადით დაიკავებს.

ირაკლი შოთაძე საქართველოს გენერალური პროკურორის პოსტს 2015 წლიდან 2018 წლის მაისამდე იკავებდა. გენერალური პროკურორობის კანდიდატი ამ თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის გამო აქციები დაიწყო, რადგან სასამართლომ დაადგინა, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, დავით სარალიძის მკვლელი არ იკვეთებოდა. მოგვიანებით ხორავას ქუჩის საქმის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამაც პროკურატურის მთელი რიგი დარღვევები გამოავლინა.

გენერალური პროკურორის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც შალვა თადუმაძე 12 დეკემბერს უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლედ დაინიშნა. ქართული ოცნების დეპუტატები შოთაძის კანდიდატურაზე თავიდანვე ამბობდნენ, რომ მმართველი გუნდი შოთაძეს მხარს დაუჭერდა, რადგან ის "ღირსეული და პროფესიონალია".

სარალიძე შვილის, დავით სარალიძის მკვლელობის საქმის გამოძიებას ითხოვს.

16 წლის მოზარდი 2017 წლისს 1 დეკემბერს დაიღუპა, როდესაც სკოლის მოსწავლეებმა ხორავას ქუჩაზე იჩხუბეს. დაიღუპა კიდევ ერთი არასრულწლოვანი, ლევან დადუნაშვილიც. 2018 წლის 31 მაისს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მიხედვით, საქმეზე დაკავებული 2 არასრულწლოვანი დამნაშავედ იქნა ცნობილი მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეში. ერთ-ერთი მათგანი დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გამართლდა, მეორეს კი მკვლელობის ბრალი გადაუკვალიფიცირდა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში იქნა დამნაშავედ ცნობილი. 

ამის შემდეგ პარლამენტში საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომელმაც შს მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, ყოფილი მთავარი პროკურორი, ასევე საქმის პროკურორები, შსს-ის წარმომადგენლები, ექსპერტები, მასწავლებლები, სრულწლოვანი და არასრულწლოვანი მოწმეები დაკითხა. 

კომისიამ დაასკვნა, რომ პროკურატურამ გამოძიება მიკერძოებულად ჩაატარა, რათა დაფარულიყო საქმეში მონაწილე კიდევ ერთი პირის, მ.კ-ს ბრალეულობა. 

კომისიის დასკვნის შესახებ წაიკითხეთ აქ.

კომენტარები