ელისაშვილი: დიდი ცხვირი არ არის პრობლემა, მთავარია, ფულის მოპარვაში არ ჩაყო უგულავასავით

ალექსანდრე ელისაშვილი/Facebook.com

"დიდი ცხვირი არ არის პრობლემა და ვიცი, რომ ძაან დიდი ცხვირი მაქვს. მთავარია, რომ გიგი უგულავასავით ფულის მოპარვაში არ ჩაყო ის ცხვირი. ეს არის ძალიან მთავარი, თორემ ცხვირის ზომას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს". – ალეკო ელისაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა.

გიგი უგულავამ 23 ივნისს განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილი თბილისში ორ მაჟორიტარულ ოლქს ითხოვდა: "მისი არჩევანი არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი ვაჭრობისგან. ღმერთმა ხელი მოუმართოს, უბრალოდ, საწყენია, რომ საკუთარ ცხვირზე შორს ვერ იყურება ეს ადამიანი".

ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ მდაბიოობაა ადამიანის ფიზიკურ მახასიათებელზე მინიშნება –"მე ახლა რა, კი არ მრცხვენია ჩემი ცხვირის – რაც ვარ ეს ვარ... უბრალოდ მდაბიოობაა, მაგრამ მექრთამე უგულავასგან ასეთი საქციელი არ მიკვირს".

ის შემდეგნაირად გამოეხმაურა გიგი უგულავას განცხადებას, იმის შესახებ, რომ ელისაშვილი ორ ადგილზე ვაჭრობდა – "მე ვვაჭრობდი ვინმეზე..? რაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში მიუღებელია და სამარცხვინოა, ის მით უფრო სამარცხვინო უნდა იყოს პოლიტიკაში. როდესაც, შე დალოცვილო, მთხოვ რომ შემხვდი, შემხვდი, მის თანაგუნდელებს ვგულისხმობ, როცა მწერ, მირეკავ, რომ იქნებ შევხვდეთ მაჟორიტარებზე რაღაც გვინდა გვითხრათ, შენი აზრი გავიგოთ. რომ მხვდები და რაღაცას მკითხავ და ჩემი აზრი გაინტერესებს, მერე ამაზე რატო ჭორაობ და რატომ გამოგაქვს ეს რაღაცა"?

კითხვაზე, თუ ვის გულისხმობს ამაში მან, თქვა, რომ მაჟორიტარებთან დაკავშირებით ძალიან ბევრ პოლიტიკოსთან ჰქონდა აზრთა გამოცვლა - "ახლა ლაპარაკს ვინ ვისთან რას დამიშლის, მით უმეტეს, როდესაც შენ მთხოვ და შენი ინიციატივითაა შეხვედრა, მერე ამაზე როგორ ჭორაობ? ეს პოლიტიკოსობაა, კაცობაა, ადამიანობაა, მოქალაქეობაა? ეს არის გულის ამრევი და ამას აკეთებენ ამით არიან დაკავებულები".

ელისაშვილი ირწმუნება, რომ ის არავის არაფერზე ევაჭრებოდა.

"ღმერთმა დამიფაროს, გიგი უგულავას რამეზე ვევაჭრებოდე. რაოდენობებზე იყო საუბარი, ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე, ჩვენ სულ მცირე ორ ოლქს მოვიგებთ-თქო". – განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილი ოპოზიციური პარტიების ერთობის დატოვების შემდეგ ალეკო ელისაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრ ანა დოლიძესთან და ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატ ლევან კობერიძესთან ერთად პოლიტიკური პლატფორმა შექმნა. ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ სამივემ თბილისში იყაროს კენჭი. 

რაც შეეხება ოპოზიციური პარტიების შეთანხმებას, პარტიები საერთო კანდიდატების დაყენებაზე თბილისის 8-დან 6 ოლქში შეთანხმდნენ. პარტიებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება. 

სია ასე გამოიყურება: 

  • ვაკე – ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო).
  • გლდანი – ნიკა მელია (ენმ).
  • ისანი – გიორგი ვაშაძე (ახალი საქართველო).
  • სამგორი – ლევან ხაბეიშვილი (ენმ).
  • მთაწმინდა და კრწანისი – შალვა შავგულიძე (თავისუფალი დემოკრატები).
  • ნაძალადევი – შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია).

კომენტარები