თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული 3 ახალი შემთხვევიდან 2 შემოტანილია – პაციენტები საკარანტინო სივრციდან არიან. მისივე თქმით, მესამე პაციენტი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია.
ეზუგბაიას თქმით, საავადმყოფოში სულ 24 ინფიცირებული მკურნალობს. გუშინ კლინიკაში ერთი ახალი პაციანტი მიიღეს – ყარაჯალიდან გადმოყვანილი ქალი, რომლის ინფიცირების წყაროც უცნობია. ეზუგბაიას თქმით, წყაროს კვლევა ამ დრომდე გრძელდება.
"გუშინ მოთავსებული პაციენტის მდგომარეობა პროგნოზულად ჯერჯერობით სერიოზულია – მას აქვს მძიმე პნევმონია და დაავადების პროგრესირება მიმდინარეობს შემოსვლიდან დღის განმავლობაში. არსებული კვლევებით, მონაცემები ადასტურებს, რომ სიტუაცია საშუალოზე მძიმეა". – ამბობს ეზუგბაია.
დღეს, 24 ივნისს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3-ით მოიმატა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ. ჯამში, ქვეყანაში COVID-19-ის 914 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 771 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ვირუსის 129 აქტიური შემთხვევაა.