ბრაზილია

ბრაზილიის პრეზიდენტს სასამართლომ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება უბრძანა

ჟაირ ბოლსონარო
AFP

ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონაროს ფედერალურმა სასამართლომ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება უბრძანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ჯარიმის გადახდა მოუწევს. ჯარიმა დაახლოებით 386 აშშ დოლარს შეადგენს.

ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილება დედაქალაქის ფარგლებში მთავრობის ყველა მოხელეზე ვრცელდება.

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქ ბრაზილიაში კორონავირუსის გავრცელების გამო საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო 30 აპრილიდან გახდა, პრეზიდენტი არაერთხელ გამოჩნდა პირბადის გარეშე, მათ შორის ხალხმრავალ აქციაზეც.

გუბერნატორები და მერები ამბობენ, რომ მისი ქცევა საქმეს ურთულებთ:

"ბრაზილიის პრეზიდენტის მაგალითი ყველაფერს ართულებს. ის ქუჩაში პირბადის გარეშე დადის. ეს არასწორი ქცევაა და გუბერნატორებს საქმეს ურთულებს". – თქვა ქალაქ სან-პაულუს მერმა.

ბრაზილია კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ქვეყანაში ვირუსი ოფიციალურად 1 151 479 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 52 771 ადამიანი.

მიუხედავად ამისა, ქვეყნის პრეზიდენტი ვირუსს უბრალო გრიპს უწოდებს და ქვეყნის ეკონომიკის გახსნას მოითხოვს. ბოლსონაროსთან დაპირისპირების გამო თანამდებობა ჯანდაცვის ორმა მინისტრმა დატოვა.

პარალელურად, ბოლსონაროს წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების გამო მისი მომხრეები უზენაესი სასამართლოს დახურვის მოთხოვით აქციებს მართავენ და მათ თავად პრეზიდენტიც უერთდება. აქციებზე არ არის დაცული სოციალური დისტანცია და მომიტინგეთა ნაწილი, მათ შორის, თავად პრეზიდენტიც პირბადეს არ ატარებს.

კომენტარები