არჩევნები 2020

ელისაშვილი ბოკერიას: ფეხებზე გვკიდია შენნაირი ცეხავიკების დალაგებული სქემები

droa.ge

სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი, ალეკო ელისაშვილი გამოეხმაურა ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას ინტერვიუს მთავარი არხის ეთერში, სადაც გიგა ბოკერიამ თქვა, რომ ალეკო ელისაშვილი ორ ადგილს ითხოვდა თბილისის მაჟორიტარული ოლქებიდან, უარის შემდეგ კი ოპოზიციურ შეთანხმებაზე უარი თქვა.

"ბოკერია ისე გამწარებული იწყევლებოდა გუშინ, ცოტა შემეცოდა კიდეც. რაო, გიგა, სტამბოლის ბაზარი რომ გაქვს გაჩაღებული მაჟორიტარებში, ყველა შენ დაკრულზე ვერ აცეკვე და ორღობის დედაკაცივით წყევლა-კრულვაზე გადახვედი ეს ამხელა "პოლიტიკოსი კაცი"?! წესიერ ხალხს გადააწყდი პოლიტიკაში, ვაჭრობა არ გამოგივიდა და მოგემტვრა კბილები"? – წერს ალეკო ელისაშვილი ფეისბუქის გვერდზე.

ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილი ოპოზიციური პარტიების ერთობის დატოვების შემდეგ ალეკო ელისაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრ ანა დოლიძესთან და ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატ ლევან კობერიძესთან ერთად პოლიტიკური პლატფორმა შექმნა. ახლა კი ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ სამივემ თბილისში იყაროს კენჭი.

"ვიცი, ვერაფრით იჯერებთ შენ და შენი ამფსონები, მარა მართლა ხალხის პრობლემები გვაწუხებს მე და ჩემ გუნდს და მართლა ამ ქვეყნის წინსვლისთვის ვართ პოლიტიკაში. ასევე, მართლა ფეხებზე გვკიდია შენი და შენნაირი ცეხავიკების დალაგებული რაღაც სქემები და გარიგებები. თქვენ რაც პოლიტიკა გგონიათ, იმაზე გვერევა ზუსტად გული და იმის შესაცვლელვად ვართ მოსულები". – ასე მიმართავს ალეკო ელისაშვილი გიგა ბოკერიას.

როგორც ბოკერიამ გუშინდელ ინტერვიუში თქვა, ალეკო ელისაშვილს პირადად მასთან და დავით ბაქრაძესთან ჰქონდა მოლაპარაკება მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატების წარდგენის თაობაზე.

მისი თქმით, ოპოზიციური ერთობა მზად იყო, ალეკო ელისაშვილისთვის საბურთალოს ოლქში კანდიდატი არ დაეყენებინა, თუმცა ელისაშვილი ითხოვდა, რომ მის გარდა, მისი თანაგუნდელი, ლევან იოსელიანი ყოფილიყო კანდიდატი მთაწმინდაზე.

"[ალეკო ელისაშვილი] მოითხოვდა, ორი ადგილი მომეცით, შემოვდივარ შეთანხმებაშიო, იოსელიანი დააყენეთ მთაწმინდაზეო. ბუნებრივია, მარტო ჩვენთვის კი არა, ამ იოსელიანს არავინ არ იცნობს. ახლა უფრო გაიცნობენ. კაცის კაცის დაყენებას ითხოვდა, უკაცრავად, პოლიტიკურად ვიძახი, არა – ადამიანურად. 6% აიღო იმ იოსელიანმა იმ არჩევნებში, სადაც შავგულიძემ აიღო 40% თითქმის – 36% პირველ ტურში, მეორეში – უფრო მეტი

ეგეთი უსინდისო როგორ უნდა იყო, რომ ჯერ ვაჭრობდე ადგილებზე, მერე გამოხვიდე და თქვა, რომ ამ ვაჭრობაში მე არ მივიღებ მონაწილეობას, თან პირველად არ აკეთებს, ხო, ამას"? – თქვა გიგა ბოკერიამ.

ელისაშვილი ბოკერიას ამაზეც პასუხობს და წერს:

"ლევან იოსელიანს კაცის კაცი რომ უძახე, უნდა იცოდე რომ ჩემი ბავშვობის მეგობარია. 30 წელია ცხოვრებას მხარდამხარ მოვუყვებით და ჩემზე ბედნიერი კაცი არაა, რომ ამ ჭუჭყიან პოლიტიკაში ლევანი გვერდით მიდგას და მაძლიერებს. შენი მექრთამე და ხალხის ფულის ქურდი მეგობრებისგან განსხვავებით, ლევან იოსელიანი არის წესიერი, პრინციპული და პატრიოტი კაცი".

ამ დროისათვის ოპოზიციური პარტიები საერთო კანდიდატების დაყენებაზე თბილისის 8-დან 6 ოლქში არიან შეთანხმებულნი. პარტიებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება. 

საერთო კანდიდატების სია ასე გამოიყურება: 

  • ვაკე – ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო).
  • გლდანი – ნიკა მელია (ენმ).
  • ისანი – გიორგი ვაშაძე (ახალი საქართველო).
  • სამგორი – ლევან ხაბეიშვილი (ენმ).
  • მთაწმინდა და კრწანისი – შალვა შავგულიძე (თავისუფალი დემოკრატები).
  • ნაძალადევი – შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია).

 

კომენტარები