არჩევნები 2020

ბოკერია ელისაშვილზე: საზოგადოებამ უნდა იცოდეს, უსინდისო ადამიანებზე დაყრდნობა არ შეიძლება

ტაბულა

"უსინდისო ადამიანია და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ უსინდისო ადამიანებზე დაყრდნობა არ შეიძლება". – ამბობს ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია, სამოქალაქო მოძრაობის ლიდერ ალეკო ელისაშვილზე.

გიგა ბოკერიას თქმით, ალეკო ელისაშვილი კოორდინირების იდეას ბინძური ლექსიკონითა და ბრალდებებით დაუპირისპირდა. ბოკერია ამბობს, რომ ელისაშვილი მას და დავით ბაქრაძეს მოლაპარაკებებისას თბილსის მაჟორიტარულ ოლქებში 2 კანდიდატის ადგილს სთხოვდა.

როგორც ბოკერია განმარტავს, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ელისაშვილი ლევან იოსელიანის კანდიდატურის დაყენებას ითხოვდა, რაზეც ვერ შეთანხმდნენ, – "როცა ვკითხეთ, რომ ლევან იოსელიანმა 5-ჯერ ნაკლები ხმა აიღო, ვიდრე შალვა შავგულიძემ, ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ. შემდეგ გამოვიდა და თქვა, რომ ამ ვაჭრობაში მონაწილეობას არ მივიღებო, თუ ამას ვაჭრობას ეძახის, თავად გვევაჭრებოდა. უწესობა და უსინდისობა ცუდი საქციელია და შემდეგ კამპანიის დაწყება თვითონ ამ იდეის წინააღმდეგ, რასაც კოორდინირება ჰქვია, ეს არის ივანიშვილის დახმარება". – ამბობს ბოკერია.

ბოკერიამ გუშინ, 23 ივნისს, მთავარი არხის ეთერშიც ამავე თემაზე ისაუბრა და თქვა, რომ ოპოზიციური ერთობა მზად იყო, ალეკო ელისაშვილისთვის საბურთალოს ოლქში კანდიდატი არ დაეყენებინა, თუმცა ელისაშვილი ითხოვდა, რომ მის გარდა, მთაწმინდაზე კანდიდატად მისი თანაგუნდელი, ლევან იოსელიანი დაესახელებინათ.

ევროპული საქართველოს ლიდერის თქმით, ოპოზიციას სურს, თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში ძლიერი კანდიდატები დააყენოს, რათა ქართული ოცნება პირველივე ტურში დამარცხდეს.

"რომ არ მოგვწონს ერთმანეთი, ყველამ იცის, მაშინ ერთ პარტიაში ვიქნებოდით, მაგრამ, როდესაც ასეთი უსინდისო ხარ, რომ მოლაპარაკებებში შედიხარ და თუ ვერ მიიღე, რაც გინდა, მერე გამოხვალ და დაგმობ ამას, როგორც ვაჭრობას და ქართულ პოლიტიკაში ყველაზე წესიერ კაცს, შალვა შავგულიძეს, სამიზნედ ამოიღებ და იძახი, რომ მაგან ხომ წააგოო. ყველას წაგებული აქვს, თავადაც წააგო არჩევნები, ეგ რა ტესტია? რატომ გვთავაზობდა 5-ჯერ ნაკლები ხმის მომცემ კანდიდატს მთაწმინდაზე"? – ამბობს გიგა ბოკერია.

თავად ალეკო ელისაშვილი არ ადასტურებს, რომ მოლაპარაკებებისას მან მთაწმინდაზე ლევან იოსელიანის კანდიდატურა მოითხოვა, თუმცა განმარტავს, რომ იოსელიანი მისი "ბავშვობის მეგობარია და ამ ჭუჭყიან პოლიტიკაში იგი გვერდით უდგას და აძლიერებს".

ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილი ოპოზიციური პარტიების ერთობის დატოვების შემდეგ ალეკო ელისაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრ ანა დოლიძესთან და ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატ ლევან კობერიძესთან ერთად პოლიტიკური პლატფორმა შექმნა. ახლა კი ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ სამივემ თბილისში იყაროს კენჭი.

ამ დროისათვის ოპოზიციური პარტიები საერთო კანდიდატების დაყენებაზე თბილისის 8-დან 6 ოლქში არიან შეთანხმებულნი. პარტიებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება. 

საერთო კანდიდატების სია ასე გამოიყურება: 

  • ვაკე – ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო).
  • გლდანი – ნიკა მელია (ენმ).
  • ისანი – გიორგი ვაშაძე (ახალი საქართველო).
  • სამგორი – ლევან ხაბეიშვილი (ენმ).
  • მთაწმინდა და კრწანისი – შალვა შავგულიძე (თავისუფალი დემოკრატები).
  • ნაძალადევი – შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია).

კომენტარები