გიორგი რურუას საქმე

რურუას ადვოკატები: კუჭავამ ევროპარლამენტარებს წერილი მისწერა, სადაც რურუას ცილს სწამებენ

გიორგი რურუას ადვოკატები
ტაბულა

მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუას ადვოკატების ცნობით, პარლამენტის ვიცესპიკერმა, კახა კუჭავამ ევროპარლამენტარებს რურუას შესახებ წერილი გაუგზავნა.

ამის შესახებ ადვოკატებმა, შალვა შავგულიძემ და დიმიტრი საძაგლიშვილმა საქალაქო სასამართლოსთან რურუას მორიგი პროცესის დაწყებამდე ილაპარაკეს.

დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, კახა კუჭავა ევროპარლამენტის წევრებისადმი მიწერილ წერილში გიორგი რურუას იმ დანაშაულებს აბრალებს, რომელიც მას არ ჩაუდენია.

"[წერილში] ჩვენ ვხვდებით არაერთ ტყუილს და საქართველოში, ალბათ, რა მკვლელობაც მოხდა, ყველაფერი დაბრალებულია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გიორგი რურუაზე". – ამბობს ადვოკატი.

როგორც საძაგლიშვილი ამბობს, წერილში კახა კუჭავა მიუთითებს, რომ გიორგი რურუამ განზრახ, მოჩვენებითად შეიძინა მთავარი არხის წილი და გადაიხადა მასში, სულ რაღაც, 2500 ლარი, თუმცა, ადვოკატის განმარტებით, ხელშეკრულების მეორე მუხლში პირდაპირ არის მითითებული, რომ 2 500 ლარი არის წილის ნასყიდობის თანხა და გარდა ამისა, ის 250 000 დოლარს ინვესტიციის სახით აბანდებს მთავარი არხის კაპიტალში, საერთო ჯამში, კი ინვესტიცია 500 000 დოლარს შეადგენდა, წილის ნაწილი კი ნიკა რურუას შვილზე გაფორმდა.

შესაბამისად, 2.5 % გიორგი რურუამ გაიფორმა, 2.5% კი – ნიკა რურუას შვილმა და ახლა უკვე დოკუმენტურადაც დასტურდება, რომ რურუა პოლიტიკურად იდევნება.

შალვა შავგულიძე ამბობს, რომ გამოძიების მიერ მოპოვებულ ცნობაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში, გიორგი რურუას სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოიპოვება.

"ასეთ შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის კოლექტიური წერილი ევროპარლამენტარებისადმი, თითქოსდა გიორგი რურუას რაღაც დანაშაულებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, წარმოადგენს მეტად უპასუხისმგებლო მოქმედებას ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, ეს არის ცილისწამება საკუთარ მოქალაქეზე და, რა თქმა უნდა, არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.

ერთის მხრივ, ასეთი განცხადებით ქართული ოცნება ცდილობს, შეცდომაში შეიყვანოს ევროპარლამენტარები, რათა გაამართლოს მის მიერ 8 მარტის ხელშეკრულების შეუსრულებლობა პოლიტპატიმარ გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლების ნაწილში და მეორეს მხრივ, ეს არის ქართული ოცნების ხელისუფლების პირდაპირი მესიჯი სასამართლოსადმი, სადაც ამჟამად მიმდინარეობს გიორგი რურუას ბრალდების საქმის განხილვა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება ითხოვს სასამართლოსაგან გამამტყუნებელ განაჩენს გიორგი რურუას მიმართ". – ამბობს შავგულიძე.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს პარლამენტთან აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, თუმცა ის ბრალს არ აღიარებს.

მისი გათავისუფლება 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებული ხელშეკრულების ნაწილია, რომელიც პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და საარჩევნო სისტემის შეცვლას გულისხმობს.

საქართველოს დასავლელი პარტნიორები რურუას პოლიტპატიმარს უწოდებენ და ქართულ ოცნებას 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. მმართველი გუნდი კი უარყოფს, რომ შეთანხმების ერთი ნაწილი პოლიტპატიმრებს ეხება.

კომენტარები