რუსეთში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავად სამხედრო აღლუმი გაიმართა. აღლუმი 9 მაისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის გავრცელების გამო გადაიდო.
"უნდა გვახსოვდეს, რომ ტოტალური ბოროტება ჩვენმა ხალხმა დაამარცხა". – თქვა პუტინმა მიმართვაში.
ვირუსის გამო მასობრივი შეკრებები კვლავ აკრძალულია. აღლუმზე გამოსვლამდე ჯარისკაცები კარანტინში იყვნენ. ასევე კარანტინში იყვნენ მეორე მსოფლიო ომის ის ვეტერანები, რომლებიც ღონისძიებას ვლადიმირ პუტინთან ერთად დაესწრნენ. სტუმრებისათვის კორონავირუსის ტესტის ჩატარება სავალდებულო იყო, თუმცა უშუალოდ ღონისძიებაზე სოციალური დისტანციის ნორმები არ იყო დაცული და დამსწრეებს პირბადეები არ ეკეთათ.
9 მაისის აღლუმს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები უნდა დასწრებოდნენ, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი. მათმა ნაწილმა 24 ივნისის ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი თქვა კორონავირუსის საფრთხის გამო. მათ შორის იყვნენ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები. აღლუმს ესწრებოდნენ სერბეთის და ბელარუსის პრეზიდენტები, ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერები, გარდა თურქმენეთის პრეზიდენტისა.
თურქმენეთის პრეზიდენტმა, გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა პუტინს დაურეკა და უთხრა, რომ აღლუმს ვერ დაესწრებოდა, რადგან 29 ივნისს დაბადების დღე ჰქონდა და აღნიშვნას გეგმავდა. რუსეთში ჩასვლის შემდეგ ყირგიზეთის პრეზიდენტის დელეგაციის 2 წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ის ღონისძიებას არ დაესწრო.
აღლუმში მონაწილეობას იღებდა 13 000 სამხედრო, 234 ჯავშანტექნიკა და 75 სამხედრო თვითმფრინავი. აღლუმში ჩინეთის, მონღოლეთისა და სერბეთის სამხედრო დანაყოფებიც მონაწილეობდნენ.
აღლუმები გაიმართა სხვა ქალაქებშიც, თუმცა 13-მა ქალაქმა ვირუსის გამო ღონისძიების ჩატარებაზე უარი თქვა.
მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა მოსახლეობას მოუწოდა სახლებში დარჩენილიყვნენ და აღლუმისათვის ტელევიზიით ედევნებინათ თვალი. მოსკოვი კვლავ რჩება რუსეთში ეპიდემიის ეპიცენტრად.
ბოლო მონაცემებით, რუსეთში ახალი კორონავირუსი სულ 599 705 ადამიანს დაუდასტურდა და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. გარდაიცვალა 8 359 ადამიანი, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ ეს რიცხვი ბევრად მაღალია, რადგან, მოსკოვის ჯანდაცვის უწყებამ აღიარა, რომ იმ გარდაცვლილებს, რომლებსაც სხვა დაავადებაც ჰქონდათ, არ აღრიცხავდნენ. ამის შემდეგ მათ ოფიციალური რიცხვი რამდენჯერმე შეცვალეს.
მიმდინარე წელს, კორონავირუსის მიუხედავად, სამხედრო აღლუმის ჩატარება პუტინისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო, რადგან მომავალ კვირას ქვეყანაში საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმია დაგეგმილი. პუტინს 2024 წელს ზედიზედ მეორე, ჯამში კი მეოთხე საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეეძლო, თუმცა ახალი ცვლილება მას ვადას გაუნულებს და საშუალებას მისცემს კიდევ ერთი ან ორი ვადით იყაროს კენჭი და ხელისუფლება კიდევ 6 ან 12 წლით გაიხანგრძლივოს.