გიორგი რურუას საქმე

კუჭავამ დაადასტურა, რომ გიორგი რურუას შესახებ ევროპარლამენტარებს მისწერა

პარლამენტის ვიცესპიკერმა, კახა კუჭავამ დაადასტურა, რომ მთავარი არხის მეწილის, პოლიტპატიმარ გიორგი რურუას შესახებ ევროპარლამენტარებს წერილი მისწერა.

კუჭავა წერილს საინფორმაციო წერილს უწოდებს და ამბობს, რომ ასეთ წერილებს ყველა პარტია გზავნის კვირაში, ან ორ კვირაში ერთხელ. 

"იყო მოყვანილი იყო ის ზუსტი ფაქტები, რაც არის ცნობილი ყველასთვის და რაც ეყრდნობა კონკრეტულ რაღაც არსებულ ფაქტებს. მაგალითად, დღეს ადვოკატმა ბრიფინგზე თვითონ წაგვიკითხა, აღიარა, რომ [მთავარი არხის წილის] ნასყიდობის ღირებულება ხელშეკრულებაში არის 2 500 ლარიო, მაგრამ განახორციელებს $250 000 ინვესტიციასო". – თქვა კუჭავამ. 

გიორგი რურუას ადვოკატებმა 24 ივნისს სასამართლო პროცესის დაწყებამდე ბრიფინგი გამართეს და თქვეს, რომ კახა კუჭავამ ევროპარლამენტარებს გიორგი რურუას შესახებ მისწერა წერილი, სადაც არაერთი ტყუილია. ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, წერილში პარლამენტის ვიცესპიკერი რურუას აბრალებს "საქართველოში რა მკვლელობაც მოხდა, ალბათ, ყველაფერს". 

კერძოდ, როგორც საძაგლიშვილი ამბობს, წერილში კახა კუჭავა მიუთითებს, რომ გიორგი რურუამ განზრახ, მოჩვენებითად შეიძინა მთავარი არხის წილი და გადაიხადა მასში, სულ რაღაც, 2500 ლარი, თუმცა, ადვოკატის განმარტებით, ხელშეკრულების მეორე მუხლში პირდაპირ არის მითითებული, რომ 2 500 ლარი არის წილის ნასყიდობის თანხა და გარდა ამისა, ის $250 000-ს ინვესტიციის სახით აბანდებს მთავარი არხის კაპიტალში, საერთო ჯამში, კი ინვესტიცია 500 000 დოლარს შეადგენდა, წილის ნაწილი კი ნიკა რურუას შვილზე გაფორმდა.

შესაბამისად, საძაგლიშვილის განმარტებით, 2.5 % გიორგი რურუამ გაიფორმა, 2.5% კი, ნიკა რურუას შვილმა და ახლა, უკვე დოკუმენტურადაც დასტურდება, რომ რურუა პოლიტიკურად იდევნება.

კომენტარები