ეროვნული გამოცდები 2020

შესაძლოა, აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდების ჩაბარება პირბადის გარეშე შეძლონ

ipress

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ თქვა, რომ, შესაძლოა, აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე პირბადის გარეშე დაუშვან.  

ამის შესახებ გაბუნიამ რუსთავი 2-ის ეთერში ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზე მაგიდების ადაპტირება მოხდა და ისინი ბარიერით აღჭურვეს. 

"პირბადე არის ბარიერი იქ, სადაც სხვაგვარი ბარიერის შექმნა შეუძლებელია, ვგულისხმობ პლასტიკატის გამჭვირვალე ბარიერს, რომელიც, იცით, რომ მაღაზიაში, ან ავტობუსის მძღოლების შემთხვევაში შევქმენით.

განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზე, მაგიდების ადაპტირება გააკეთა და შექმნა ბარიერით აღჭურვილი მაგიდები. ამდენად, იქ, სადაც უკვე უშუალოდ მუშაობას შეუდგება აბიტურიენტი და იქნება მის წინ ბარიერი, ახლა მიდის მსჯელობა იმაზე, რომ ამ შემთხვევაში რამდენად დასაშვები იქნება, რომ იმუშაოს პირბადის გარეშე". – ამბობს გაბუნია და აღნიშნავს, რომ ინფორმაცია უახლოეს დღეებში დაზუსტდება. 

მისივე თქმით, "​ვენტილატორებსა და კონდიცირებასთან დაკავშირებით, ასევე, ძალიან ბევრი დებატია და, ჯერჯერობით, კონდიცირების სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებით სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ, რასაც ჩვენ ვაპირებთ გამოცდების პროცესში".

განათლების სამინისტროს ცნობით, ერთიან ეროვნულ/სამაგისტრო გამოცდებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში (ნიღბის მოხსნა, სოციალური დისტანციის დარღვევა და უარი ხელების დამუშავებაზე) აბიტურიენტი მიიღებს შენიშვნას, ამ წესების ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში კი, მოიხსნება გამოცდიდან. ამასთან, გამოცდის მიმდინარეობისას კონდიციონერი გამორთული იქნება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისიდან, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდები – 1 აგვისტოდან დაიწყება.

გამოცდებთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული მითითებები ნახეთ აქ.

კომენტარები