არჩევნები 2020

ელისაშვილი: ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, სამუდამო პატიმრობას მივუსჯიდი გიგი უგულავას

droa.ge

"ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, სამუდამო პატიმრობას მივუსჯიდი გიგი უგულავას". – ამბობს სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, ევროპული საქართველოს ერთერთ ლიდერზე, გიგი უგულავაზე. ამის შესახებ მან მთავარი არხის ეთერში ისაუბრა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, მას "კულუარებში არ უნდა უწყვეტდნენ ცეხავიკი პოლიტიკოსები", თუ ვინ იქნება მაჟორიტარი კანდიდატი. ელისაშვილმა "ცეხავიკ" პოლიტიკოსებად ევროპული საქართველოს ლიდერები მოიხსენია.

"იმიტოა ეს ქვეყანა გაღატაკებული და გაუბედურებული, 50 მილიონი რომ შეჭამა და შეითხლაშუნა იმან, რა ქვია, გიგი უგულავამ. მექრთამეა აბა რა არის. ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო, სამუდამო პატიმრობას მივუსჯიდი გიგი უგულავას. უბრალოდ, ერთადერთი მხარს ვუჭერდი იმიტომ, რომ მეორედ ერთი და იგივე ბრალზე რომ დაიჭირეს. ისაა პრობლემა, 4 წელი რატომ მიუსაჯეს 50 მილიონის მომპარავ კაცს". – ამბობს ალეკო ელისაშვილი.

ალეკო ელისაშვილმა ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილი ოპოზიციური პარტიების ერთობა მას შემდეგ დატოვა, რაც მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით ის და ოპოზიციის ლიდერები ვერ შეთანხმდნენ.

გიგა ბოკერიას ცნობით, ელისაშვილი მას და დავით ბაქრაძეს მოლაპარაკებებისას თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში 2 კანდიდატის ადგილს სთხოვდა.

როგორც ბოკერია განმარტავს, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ელისაშვილი ლევან იოსელიანის კანდიდატურის დაყენებას ითხოვდა, რაზეც ვერ შეთანხმდნენ – "როცა ვკითხეთ, რომ ლევან იოსელიანმა 5-ჯერ ნაკლები ხმა აიღო, ვიდრე შალვა შავგულიძემ, ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ. შემდეგ გამოვიდა და თქვა, რომ ამ ვაჭრობაში მონაწილეობას არ მივიღებო, თუ ამას ვაჭრობას ეძახის, თავად გვევაჭრებოდა. უწესობა და უსინდისობა ცუდი საქციელია და შემდეგ კამპანიის დაწყება თვითონ ამ იდეის წინააღმდეგ, რასაც კოორდინირება ჰქვია, ეს არის ივანიშვილის დახმარება". – ამბობს ბოკერია.

ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, გუშინ, 23 ივნისს, მთავარი არხის ეთერშიც ამავე თემაზე ისაუბრა და თქვა, რომ ოპოზიციური ერთობა მზად იყო, ალეკო ელისაშვილისთვის საბურთალოს ოლქში კანდიდატი არ დაეყენებინა, თუმცა ელისაშვილი ითხოვდა, რომ მის გარდა, მთაწმინდაზე კანდიდატად მისი თანაგუნდელი, ლევან იოსელიანი დაესახელებინათ.

ევროპული საქართველოს ლიდერის განმარტებით, ოპოზიციას სურს, თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში ძლიერი კანდიდატები დააყენოს, რათა ქართული ოცნება პირველივე ტურში დამარცხდეს.

"რომ არ მოგვწონს ერთმანეთი, ყველამ იცის, მაშინ ერთ პარტიაში ვიქნებოდით, მაგრამ, როდესაც ასეთი უსინდისო ხარ, რომ მოლაპარაკებებში შედიხარ და თუ ვერ მიიღე, რაც გინდა, მერე გამოხვალ და დაგმობ ამას, როგორც ვაჭრობას და ქართულ პოლიტიკაში ყველაზე წესიერ კაცს, შალვა შავგულიძეს, სამიზნედ ამოიღებ და იძახი, რომ მაგან ხომ წააგოო. ყველას წაგებული აქვს, თავადაც წააგო არჩევნები, ეგ რა ტესტია? რატომ გვთავაზობდა 5-ჯერ ნაკლები ხმის მომცემ კანდიდატს მთაწმინდაზე"? – ამბობს გიგა ბოკერია.

თავად ალეკო ელისაშვილი არ ადასტურებს, რომ მოლაპარაკებებისას მან მთაწმინდაზე ლევან იოსელიანის კანდიდატურა მოითხოვა, თუმცა განმარტავს, რომ იოსელიანი მისი "ბავშვობის მეგობარია და ამ ჭუჭყიან პოლიტიკაში იგი გვერდით უდგას და აძლიერებს".

ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილი ოპოზიციური პარტიების ერთობის დატოვების შემდეგ ალეკო ელისაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრ ანა დოლიძესთან და ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატ ლევან კობერიძესთან ერთად პოლიტიკური პლატფორმა შექმნა. ახლა კი ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ სამივემ თბილისში იყაროს კენჭი.

ამ დროისათვის ოპოზიციური პარტიები საერთო კანდიდატების დაყენებაზე თბილისის 8-დან 6 ოლქში არიან შეთანხმებულნი. პარტიებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება. 

საერთო კანდიდატების სია ასე გამოიყურება: 

  1. ვაკე – ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო).
  2. გლდანი – ნიკა მელია (ენმ).
  3. ისანი – გიორგი ვაშაძე (ახალი საქართველო).
  4. სამგორი – ლევან ხაბეიშვილი (ენმ).
  5. მთაწმინდა და კრწანისი – შალვა შავგულიძე (თავისუფალი დემოკრატები).
  6. ნაძალადევი – შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია).

კომენტარები