არჩევნები 2020

გაბუნია: საარჩევნო უბანზე Covid 19 თუ გამოვლინდა, კომისიის სრულად ჩანაცვლებას განვიხილავთ

flickr.com

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, თუ არჩევნების დღეს უბანზე კორონავირუსი ვინმეს აღმოაჩნდა, საარჩევნო კომისია სრულად ჩანაცვლდება. ეპიდემიის პირობებში არჩევნების მიმდინარეობაზე გაბუნიამ კურიერთან ინტერვიუში ისაუბრა.

"მიმდინარეობს განხილვა, რომ თუ რომელიმე უბანზე ვინმეს აღმოაჩნდა კორონავირუსი, კომისია სრულად უნდა ჩანაცვლდეს, რადგან დიდი ალბათობით, ეს ხალხი ერთმანეთთან იქამდეც იქნებოდა კონტაქტში". – ამბობს თამარ გაბუნია.

მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ წინასწარი ინფორმაციით, არჩევნებში ჩართული ადამიანების რაოდენობა არის 120 000. ამ რაოდენობაში მოიაზრება კომისიის წევრები, დამკვირვებლები და სხვა კუთხით პროცესში უშუალოდ ჩართული პირები.

"არჩევნების დღე არის ერთი კონკრეტული დღე და ტესტის ვალიდურობა არის 72 საათი. ტექნიკურად შეუძლებელია, რომ ასეთი რაოდენობის ტესტი ჩატარდეს. ამიტომ, ჩვენ დაცვის სხვა ღონისძიებებს მივმართეთ. დიდი ალბათობით, მობილიზებული იქნება ბრიგადა. თუ კომისიის რომელიმე წევრს შეექმნა პრობლემა და მისი ჩანაცვლების საკითხი დადგა, ის შეიცვლება". – თქვა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ასევე აღნიშნავს, რომ, ვინაიდან, ამომრჩეველსა და კომისიის წევრს შორის კონტაქტის პერიოდი არის ძალიან ხანმოკლე, შემცირებული იქნება ამომრჩეველთა დაინფიცირების საფრთხეც. ასევე უზრუნველყოფენ საარჩევნო უბნების გარეთ და შიგნით ადამიანების თავმოყრის საკითხსაც.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

კომენტარები