COVID-19

შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგი ეკონომიკის ჩაკეტვაზე: თითქოს, მთელი მსოფლიო გაგიჟდა

შვედეთის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, ანდერს ტეგნელმა შვედურ რადიოსთან COVID-19-ის პანდემიისას ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ მიღებულ ზომებზე ისაუბრა.

ტეგნელმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა მთავრობების მიერ გატარებული მკაცრი ზომები, როგორიცაა ეკონომიკისა და საზღვრების ჩაკეტვა.

"თითქოს მსოფლიო გაგიჟდა და ყველაფერი, რაც იქამდე განვიხილეთ, დაივიწყეს", – ამბობს ტეგნელი მკაცრი ზომების შეფასებისას, – "შემთხვევები მომრავლდა და პოლიტიკური წნეხი ძალიან გაძლიერდა. შემდეგ შვედეთს მოუწია, სრულიად მარტო მდგარიყო".

მართალია, ანდერს ტეგნელი აღიარებს, რომ ვირუსის გავრცელების ადრეულ ეტაპზე მისი ფატალური რისკები სათანადოდ ვერ შეაფასა, ის მაინც მიიჩნევს, რომ შვედეთის შედარებით რბილი მიდგომა გამართლებული იყო, გადაადგილების შეზღუდვა კი დამატებით პრობლემებს ქმნის, როგორიცაა ოჯახური ძალადობის, მარტოობისა და მასობრივი უმუშევრობის მატება.

"ისევე, როგორც ყველა წამალს აქვს გვერდითი ეფექტები, ნეგატიური ეფექტები აქვს პანდემიის წინააღმდეგ მიღებულ ზომებსაც. ჩვენნაირ უწყებას, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხების ფართო სპექტრზე მუშაობს, ამ ასპექტების გათვალისწინებაც მართებს". – ამბობს ანდერს ტეგნელი.

შვედეთის მთავარ ეპიდემიოლოგს მიაჩნია, რომ რადგანაც ახალი კორონავირუსი უახლოეს მომავალში არ გაქრება, გრძელვადიან პერპექტივაში მკაცრი ჩაკეტვა ზიანის მომტანია.

როგორც ანდერს ტეგნელი აქამდეც ამბობდა, მკაცრი ზომები, როგორიცაა საზღვრების დაკეტვა, რასაც სხვა სკანდინავიურმა ქვეყნებმა მიმართეს, პოლიტიკური ნაბიჯებია და სამეცნიერო საფუძველი არ გააჩნია.

"ყველაფერი პოლიტიკური გახდა, საზღვრების დაკეტვა კლასიკური მაგალითია. 2009 წლის ღორის გრიპის პანდემიისას ბევრი ვიმსჯელეთ და შედგა კონსენსუსი მსოფლიოს ექსპერტებს შორის, რომ საზღვრების დაკეტვას არასდროს უმუშავია და არც არასდროს იმუშავებს". – ამბობდა შვედეთის მთავარი ეპიდემიოლოგი.

ამჟამად შვედეთში ახალი კორონავირუსის 62 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 5 200-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა. 100 000 მოსახლეზე გაანგარიშებით, შვედეთის გარდაცვალების მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ევროპაში.

კომენტარები