საია

საია კაფე-ბარების დაჯარიმებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს

წიბახა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ პანდემიის პრევენციის მიზნით შემოღებული რეგულაციების დარღვევის გამო 15 კაფე და ბარი უსაფუძვლოდ დაჯარიმდა. ორგანიზაციამ 12 დაჯარიმებული კაფე-ბარის საქმის მასალები შეისწავლა და მათ დაკისრებული ჯარიმების გასაჩივრებაში ეხმარება.

"სამართალდარღვევის ოქმების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ დარღვევად მიჩნეულ ქმედებას რიგ შემთხვევებში საერთოდ არ ჰქონია ადგილი, ზოგიერთ შემთხვევაში კი ინსპექტირების დეპარტამენტმა საზოგადოებრივი კვების ობიექტებს იმაზე მეტი ვალდებულება დააკისრა, ვიდრე ეს რეკომენდაციებით იყო მოთხოვნილი. ასევე, სამართალდარღვევის ოქმების ნაწილში აღნიშნულია მცირე მნიშვნელობის ტექნიკური გადაცდომები, რაზეც შესაბამის უწყებას შეეძლო დაჯარიმების ნაცვლად სიტყვიერი შენიშვნა გამოეყენებინა". – ნათქვამია მათ განცხადებაში.

საია მიუთითებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით მკვეთრად არ არის გამიჯნული სარეკომენდაციო ხასიათისა და სავალდებულო მოთხოვნები, რაც გაურკვევლობას იწვევს.

"ამასთან, რიგ შემთხვევებში, დებულებები, რომლებიც თავდაპირველად სარეკომენდაციო ხასიათის იყო, მოგვიანებით გახდა სავალდებულო. კაფე-ბარებისა და რესტორნების წარმომადგენლები საიასთან საუბარში აცხადებენ, რომ ცვლილებების განხორციელებასა და ობიექტების შემოწმებას შორის მცირე შუალედმა ახალი მოთხოვნების დროული შესრულება გაართულა. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა არაერთ შემთხვევაში დარღვევად მიიჩნია კონკრეტული პროცედურის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა, მაშინ როდესაც შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით ასეთი დოკუმენტის არსებობა არ წარმოადგენდა სავალდებულო მოთხოვნას".

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კვების რამდენიმე ობიექტის ადმინისტრაციამ ინსპექტირების დეპარტამენტს მუშაობის განახლებამდე მიმართა, რათა მათ ობიექტი შეემოწმებინათ და რჩევები მიეცათ, თუმცა დეპარტამენტმა მათი თხოვნა არ გაითვალისწინა.

საია-ში მიაჩნიათ, რომ პანდემიის გავრცელების შესაჩერებლად გარკვეული რეგულაციების დადგენა და მათი შესრულება მნიშვნელოვანია, თუმცა ისინი ცხადად გაწერილი უნდა იყოს. ისინი ინსპექტირების დეპარტამენტს მოუწოდებენ, შეისწავლონ ის გარემოებები, რაც ობიექტის პასუხისმგებლობას გამორიცხავს და მცირე ტექნიკური ხარვეზების შემთხვევაში დაჯარიმების ნაცვლად სიტყვიერი შენიშვნის მექანიზმი გამოიყენონ:

"ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების მთავარ მიზანს წარმოადგენს არა სუბიექტის დასჯა, არამედ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება, რათა შემდგომში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი გადაცდომა. აღნიშნული მიდგომა ობიექტებს შესაძლებლობას მისცემს, მცირე მნიშვნელობის ტექნიკური ხარვეზები აღმოფხვრან ისე, რომ არ მოუწიოთ მაღალი ფინანსური სანქციის გადახდა, რაც შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, დაჯარიმებული ობიექტებისათვის მძიმე ტვირთს წარმოადგენს".

13 და 14 ივნისს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დარღვევისათვის 16 საკვები ობიექტი ჯამურად 160 000 ლარით დაჯარიმდა.

ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ტაბულას სტატიაში.

კომენტარები