არჩევნები 2020

ხაზარაძე ამბობს, რომ, შესაძლოა, ვაკის ოლქში ელენე ხოშტარიას კონკურენტი არ დაუყენონ

ელენე ხოშტარია / მამუკა ხაზარაძე

ლელოს დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია პირველზე, გადაცემა რეაქციაში თქვა, რომ შესაძლოა, ოპოზიციის მიერ შეთანხმებულ ზოგ კანდიდატს თბილისის მაჟორიტარულ ოლქებში კონკურენტი არ დაუყენონ. ხაზარაძემ მაგალითად ევროპული საქართველოს წარმომადგენელი ელენე ხოშტარია დაასახელა:

"როცა ვამბობთ, რომ ჩვენ 30 კანდიდატს ვაყენებთ, ყოველთვის ვამბობთ, რომ ის ადამიანები, ვინც ჩვენ გვესიმპათიურება, ადამიანებზეა ლაპარაკი და არა პოლიტიკურ პარტიებზე, შეიძლება გავითვალისწინოთ. მაგალითად, მე, პირადად, ლაკას [ელენე ხოშტარია] ძალიან დიდ პატივს ვცემ, როგორც მეომარ, თავდადებულ ადამიანს და მართლა სიმპათიით ვარ. ჩვენ, ალბათ, ელენეს, კიდევ რამდენიმე შეიძლება იყოს [არ დავუყენებთ კონკურენტს]. თბილისზე არ არის საუბარი. ჯერ ჩამოყალიბდეს ოპოზიცია. ჯერ ჩვენ არ ვიცით. ჭორების დონეზეა. მოდი, ელენეზე გავჩერდეთ ახლა. მერე როცა ყველაფერი ჩამოყალიბდება, ძალიან კონსტრუქციულ ფუნქციას და როლს ვითამაშებთ საერთო ოპოზიციურ განწყობაში, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მუდმივად დავრჩებით დამოუკიდებელი ოპოზიციური ძალა. თუ ჩვენ რამდენიმე ადამიანს არ დავუყენეთ კანდიდატი, ეს საერთო საქმეს წაადგება იმიტომ, რომ მიზანი გვაქვს ერთი". – თქვა მან.

მანამდე ხაზარაძის ამბობდა, რომ პარტია აპირებს, თავისი მაჟორიტარობის კანდიდატი 30-ვე ოლქში წარადგინოს. 

"თბილისში წარვადგენთ 8-ვე კანდიდატს, ჯამში, მაჟორიტარობის 30 კანდიდატს. ოპოზიციამ დღეს დაასახელა თავისი კანდიდატები. როგორც აქამდე ბევრჯერ გვითქვამს, ჩვენ 30-ვე ოლქში ვამზადებთ ჩვენს კანდიდატებს. 

საბოლოოდ, ჩვენ კიდევ შევაფასებთ არსებულ ვითარებას, შესაძლებელია, გვქონდეს კიდევ კონსულტაცია ოპოზიციასთან, იმ ამოცანის შესასრულებლად, რასაც ჰქვია არსებული ხელისუფლების გასტუმრება და ამ ფორმულას დავექვემდებარებით, მაგრამ დღეს 30-ვე მაჟორიტარის მზადებაში ვართ“. – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ოპოზიციამ თბილისის ექვს ოლქში საერთო მაჟორიტარი კანდიდატები 19 ივნისს წარადგინა. 

ვაკე - ელენე ხოშტარია (ევროპული საქართველო).

გლდანი - ნიკა მელია (ენმ).

ისანი - გიორგი ვაშაძე (ახალი საქართველო).

სამგორი - ლევან ხაბეიშვილი (ენმ).

მთაწმინდა და კრწანისი- შალვა შავგულიძე (თავისუფალი დემოკრატები).

ნაძალადევი - შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია).

დიდუბე-ჩუღურეთის და საბურთალოს ოლქებში ოპოზიციას ერთიანი კანდიდატი ჯერ არ წარუდგენია. 

კომენტარები