სახალხო დამცველის ანგარიში 2019

ომბუდსმენი: საზოგადოების ნაწილის ფობიები ლგბტქ+ თემის მიმართ დისკრიმინაციას ასაზრდოებს

agora.ge

ლგბტქ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

ომბუდსმენი მიუთითებს, რომ ჰომოფობიური და ანტიგენდერული ჯგუფების მომრავლების და გაძლიერების გამო, ლგბტ+ ადამიანები კვლავ განიცდიან ჩაგვრას, ძალადობას და დისკრიმინაციას.

ამასთან, საზოგადოების დიდ ნაწილში არსებული ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობების გამო, ლგბტ+ პირებისთვის გართულებულია შრომის, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის და განათლების უფლებებით დაუბრკოლებლად სარგებლობა.

ლომჯარიას განცხადებით, საზოგადოების ნაწილში არსებული ფობიები და სტიგმები მნიშვნელოვნად ასაზრდოებს თემის წევრების მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2019 წელს შესწავლილი საქმეების მიხედვით, ქვეყანაში კვლავ მაღალია გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ლგბტ+ პირების მიმართ ძალადობის ფაქტები.

ომბუდსმენის თქმით, მაშინ, როდესაც უფლებებს კერძო პირები ზღუდავენ, უმეტეს შემთხვევაში, სახელმწიფო უმოქმედო რჩება და პოზიტიურ ვალდებულებებს ვერ ასრულებს.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ გასულ წელს განსაკუთრებით კრიტიკული იყო მდგომარეობა ლგბტ+ თემის წევრთა გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციის კუთხით.

ომბუდსმენის ანგარიშისვე მიხედვით, გასულ წელს შეზღუდული იყო ლგბტქ ადამიანების და მათი მხარდამჭერების შეკრების და გამოხატვის თავისუფლება.

ამ უფლებით სარგებლობაში მათ ხელი რადიკალურმა ჯგუფებმა არაერთხელ შეუშალეს.

"საანგარიშო პერიოდში, ლგბტ+ თემის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერებისთვის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობაში, რადიკალური ჯგუფების მხრიდან ხელის შეშლის არაერთი შემთხვევა გამოვლინდა. თვალსაჩინო იყო სახელმწიფოს განსხვავებული რეაგირება მოძალადე ჯგუფების მიმართ, რომლებიც შეკრების უფლების საფარქვეშ ცდილობდნენ სხვათა უფლებების უხეშად და ძალადობრივად დარღვევას. ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან კონტრაქციების მსგავსი მიზნით გამართვა უფლების ბოროტად გამოყენებაა, ხოლო მათ მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები დაცული არ არის შეკრების თავისუფლებით". - აღნიშნავს სახალხო დამცველი.

კომენტარები