თბილისის მერია

კალაძე: ვინც არასწორად იმოქმედებს, ყველას სიმართლის მუშტი მოხვდება ცხვირ-პირში

კახა კალაძე

"სიმართლის მუშტი მოხვდება ყველას ცხვირ-პირში, ვინც არასწორად იმოქმედებს", - ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე თავისი ახალი პროექტის შესახებ. 

იმ პარტიის გენერალური მდივანი, რომელსაც კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო Facebook-მა ასობით გვერდი წაუშალა, ფეიკ ნიუსებთან ბრძოლას საკუთარი Like-გვერდიდან აპირებს. 

"არაფერს არ ვიგონებთ, ჩვენ პასუხები გვექნება არგუმენტებით, პასუხებით და იმ მართალი ინფორმაციით, რომელიც არის კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით. სხვა ჩვენ არაფერ ზედმეტს არ გავაკეთებთ, არაფერ ზედმეტს არ ვიტყვით". – ამბობს კახა კალაძე. 

თბილისის მერმა ფეიკ ნიუსებთან ბრძოლის პროექტი 24 ივნისს დააანონსა და მის დაწყებას დღეს, 25 ივნისს გეგმავს. კალაძემ თავისი ახალი პროექტისთვის სპეციალური ბანერიც შექმნა, სადაც სამი ოპოციზიური არხის ლოგო სისხლიანი გრაფიტითაა დახატული და თითოეული ამ მედიის სახელი სიტყვა "სიცრუითაა" გადათამაშებული. 

2019 წლის 20 Facebook-მა საკუთარი პლატფორმიდან წაშალა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული 418 ანგარიში. სოციალური ქსელის გიგანტის განცხადებით, გვერდები ჩართულები იყვნენ კოორდინირებულ, არაავთენტურ ქცევაში და ამრავლებდნენ პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციურ და ანტიდასავლურ ნარატივს.

მოგვიანებით, 2020 წლის მაისში, Facebook-მა ქართული ოცნების PR კონსულტანტის, კოკა ყანდიაშვილის მიერ შექმნილი მედიასააგენტო ეSპერსონა და მასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში არაავთენტური ქცევის გამო წაშალა. Facebook-მა პლატფორმიდან ეSპერსონასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში წაშალა. როგორც განცხადებაში წერია, ეს ქსელი დაკავშირებული იყო 2019 წლის 20 დეკემბერს წაშლილ ქსელთან, როდესაც Facebook-მა ქართული ოცნების ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში გააუქმა.

კომენტარები