სუს-ის გამოძიება

სუს-მა Covid 19-ის სტატუსის გაყალბებაზე "მთავარის" სიუჟეტის 2 რესპონდენტი გამოკითხვაზე დაიბარა

​დღეს, 25 ივნის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე 20 ივნისს მთავარი არხის ეთერში გასული სიუჟეტის ორი რესპონდენტი, არკინაზ გულიევა და ზანურა ტილიბოვა დაიბარეს. სიუჟეტი კორონავირუსით გარდაცვლების გაყალბების საქმეს ეხებოდა.

მთავარი არხის ეთერში გასულ მასალაში ნათქვამია, რომ მარნეულში მოქალაქეებს მათი ოჯახის წევრების გარდაცვალების მიზეზად კორონავიურუსის დასახელებისთვის 10 000 ლარს სთავაზობდნენ.

სუს-ის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ტაბულასთან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ გამოძიება მიმდინარეობს 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

ცნობილია, რომ აღნიშნული გამოძიება მარტში კოვიდსიტუაციასთან დაკავშირებით ცრუ შეტყობინებების გავრცელების შემდეგ მიმდინარეობს და სწორედ ამ საქმის პირობებში დაინტერესდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მთავარი არხის სიუჟეტის რესპონდენტებით. უცნობია, იგეგმება თუ არა არხის სხვა თანამშრომლების გამოკითხვა ამ თემასთან დაკავშირებით.

კომენტარები