გირჩი

გირჩს საკონსტიტუციო სასამართლოში დეპუტატთა "შარდის სიწმინდის წინააღმდეგ" სარჩელი შეაქვს

პოლიტიკურ მოძრაობა გირჩს საკონსტიტუციო სასამართლოში დეპუტატთა "შარდის სიწმინდის წინააღმდეგ" სარჩელი შეაქვს. მოქმედი კანონმდებლობით პარლამენტის წევრობის მსურველები ვალდებულები არიან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაციისთვის ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა წარადგინონ. 

"პარლამენტის წევრს ირჩევს ხალხი, ხალხისგან აქვს მას ლეგიტიმაცია და არ შეიძლება, დეპუტატობის კანდიდატს დაუწესდეს ასეთი აბსურდული და დამამცირებელი მოთხოვნა. ადამიანები თვითონ წყვეტენ, ვინ იმსახურებს პარლამენტში ყოფნას და ვინ არა" - ამბობს გირჩის წარმომადგენელი და ადვოკატი საკონსტიტუციო სასამართლოში, ლევან ჯგერენაია.

"მე არ მგონია, რომ საქართველოს დეპუტატებს ჩვენ უნდა მოვაფსმევინოთ და მერე თუ არ მოგვეწონება ამის შედეგები, ავუკრძალოთ არჩევნებში მონაწილეობა. ეს არ შეიძლება იყოს კონსტიტუციური." -მიიჩნევს გირჩის წევრი იაგო ხვიჩია.

გირჩის კიდევ ერთი ლიდერის, ჰერმან საბოს თქმით, "მე რომ ჩაქცეული ნარკომანი ვიყო და ერთი თვით ადრე შევწყვიტო მოხმარება, ჩემი ანალიზები სუფთა იქნება და მოვხვდები პარლამენტში".

მისი აზრით, ნორმას, რომ პარლამენტის დეპუტატის შარდი "ბავშვის შარდივით სუფთა" უნდა იყოს, მორალური, სამართლებრივი და ტექნიკური მხრიდან შინაარსი არ აქვს.

კომენტარები