გიორგი რურუას საქმე

ბოკერია: გაათავისუფლოს რურუა და მოხდება ნორმალური ფორმით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება

ტაბულა

"გაათავისუფლოს რურუა და მოხდება ნორმალური ფორმით მიღება საკონსტიტუციო ცვლილებების, თუ არადა მოუწევს თავისი ხმებით მიღება იმის, რაც არ უნდა". – ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია, რომლის თქმითაც პრიცესის ნორმალურ ფაზაში დასაბრუნებლად 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებაა საჭირო, რაც პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლებას მოიაზრებს, ბოკერიას განმარტებით კი, ეს ბიძინა ივანიშვილის ხელშია.

გიგა ბოკერიას თქმით, ევროპულმა საქართველომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს პირველ მოსმენაზე მხარი დაუჭირა, რათა პროცესი დაზღვეული ყოფილიყო. ევროპული საქართველოს ლიდერის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ ამ პროექტს ვერ ჩააგდებს, მაგრამ თუ მესამე მოსმენაზე გადაწყვიტა ჩაგდება იგი "კატასტროფულად დაზარალდება".

ამ დროისთვის, საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას დაკავების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. პროცესზე დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა და გიორგი რურუას 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა.

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, 2019 წლის 18 ნოემბერს, აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. რურუა ბრალს არ აღიარებს. 

მოგვიანებით, მის საქმეს კიდევ ერთი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან რურუამ სასამართლოს განჩინების მიხედვით, დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე უარი თქვა.

გიორგი რურუას გათავისუფლება 8 მარტს დადებული საარჩევნო შეთანხმების ნაწილია, თუმცა ქართული ოცნება ამ დრომდე არ აღიარებს, რომ შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოიცავს.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, ოპოზიცია და საქართველოს დასავლელი პარტნიორები კიდევ ერთი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლებასაც ითხოვენ.

მანამ, სანამ ქართული ოცნება 8 მარტს დადებულ შეთანხმებას სრულად არ შეასრულებს, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე უარს ამბობს.

ევროპული საქართველო, ისევე, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მიიჩნევს, რომ ვინაიდან შეთანხმება ორნაწილიანია, ცვლილებების მხარდასაჭერად რურუას გათავისუფლებაა აუცილებელი. თუმცა, პირველი მოსმენის დროს ოპოზიციურმა პარტიებმა სხვადასხვა სტრატეგია აირჩიეს – ევროპულმა საქართველომ გადაწყვიტა, რომ კანონპროექტისთვის პირველი მოსმენის დროს დაეჭირა მხარი და ამით ხელისუფლებისთვის გიორგი რურუას გასათავისუფლებლად მესამე მოსმენამდე დრო მიეცა.

საკონსტიტუციო პროექტის მესამე მოსმენით კენჭისყრა 29 ივნისსაა დაგეგმილი.

კომენტარები