სოციალური აგენტების გაფიცვა

სოციალურ აგენტებს ანაზღაურება 100 ლარით გაეზრდებათ, ისინი ამ ეტაპზე აღარ გაიფიცებიან

სოციალურ აგენტებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის შეთანხმება შედგა. დასაქმებულებს ანაზღაურება, ანუ სამგზავრო ხარჯებისთვის გათვალისწინებული თანხა 100 ლარით გაეზრდებათ. ასევე, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სოციალური აგენტების მოთხოვნების შესრულებასა და პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებს. შეთანხმების საფუძველზე დასაქმებულები ამ ეტაპზე აღარ გაიფიცებიან.

"შემოგვთავაზეს, შევქმნათ სამუშაო ჯგუფი და ადმინისტრირების დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელთან ერთად ვიმუშაოთ. გვითხრეს, რომ სამგზავრო ხარჯებისთვის გათვალისწინებული თანხა გაიზრდება 100 ლარით.

შიდა პროცესებში, თუ სამუშაო ჯგუფის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე არ წამოვიდნენ, ჩვენ ჩვენს პროფკავშირებთან და სოლიდარობის ქსელთან ერთად აუცილებლად მოვაწყობთ გაფიცვას". – აღნიშნავს სოციალური აგენტი, გია მეჩიტიშვილი.

სოციალურმა აგენტებმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილისგან მიიღეს დაპირება, რომ კონტრაქტები ჯერ ექვსი თვით, შემდეგ კი ერთი წლით გაუფორმდებათ.

ამ დროისთვის სოციალური აგენტების სამგზავრო ხარჯების ანაზღაურება 80 ლარია, ხელფასის დანარჩენ ნაწილს კი ისინი ბენეფიციარებთან თითო ინტერვიუსთვის იღებენ, დამატებით 4 ლარისა და 80 თეთრის ოდენობით.

კომენტარები