საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მერაბ ტურავა აირჩიეს

constcourt.ge

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ პლენუმმა აირჩია მერაბ ტურავა. ის თავმჯდომარე მომდევნო 5 წლის განმავლობაში იქნება. 

მერაბ ტურავას პლენუმის 9 წევრიდან 5-მა დაუჭირა მხარი. მეორე კანდიდატად ირინა იმერლიშვილი იყო დასახელებული, მან 4 ხმა მიიღო. 

საკონსტიტუციო სასამართლოს წინა თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს, უფლებამოსილება 2020 წლის 15 ივნისს ამოეწურა. ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 20 მარტს აირჩია.

მერაბ ტურავას სახელს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოებული არაერთი გახმაურებული საქმე უკავშირდება, როგორიცაა მაგალითად, რუსთავი 2-ის და ე.წ კაბელებისა და გიგი უგულავას საქმეები. 

მაგალითად, 2015 წლის სექტემბერში საქმეზე "საქართველოს მოქალაქე გიგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" გადაწყვეტილება იმის გამო არ გამოცხადდა, რომ მოსამართლე ტურავა სხდომას არ დაესწრო. მიზეზად მოსამართლე ტურავას ავადმყოფობა დასახელდა, თუმცა მეორე დღეს ტურავამ თქვა, რომ გიგი უგულავას საკონსტიტუციო სარჩელზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელი იმიტომ არ მოაწერა, რომ ის წაკითხული არ ჰქონდა. 

უგულავას საქმეზე პლენუმმა გადაწყვეტილება მერაბ ტურავას ხელმოწერის გარეშე გამოაქვეყნა და მოსამართლე ტურავას წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო. მოგვიანებით წარმოება შეწყდა. 

2016 წლის ივნისში სპეციალურად ამ მიზნით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ მოსამართლე ტურავას მიეცა შესაძლებლობა, მოეთხოვა ე.წ პოლიტიკური საქმეების (რუსთავი 2-ისა და უგულავა-კაბელების საქმეები) პირველი კოლეგიიდან პლენუმისთვის გადაცემა. 

იმ დროისთვის ქართული ოცნების ხელისუფლება პირველი კოლეგიის ოთხიდან სამ მოსამართლეს ვერ აკონტროლებდა, ხოლო პლენუმის ცხრა წევრიდან, ტურავას ჩათვლით, ხუთი მოსამართლის მხარდაჭერა ჰქონდა. ამ საქმეების პლენუმისთვის გადაცემით თავიდან აირიდეს საქმეებზე ხელისუფლებისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღება.

2016 წლის ზაფხულში ტურავა ოთხ მოსამართლესთან ერთად (ზაზა თავაძე, ლალი ფაფიაშვილი, ოთარ სიჭინავა, თამაზ ცაბუტაშვილი) მონაწილეობდა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომების ბოიკოტში, უგულავა-კაბელებისა და სხვა პოლიტიკურ საქმეებზე, რამაც სასამართლოს მუშაობის პარალიზება გამოიწვია.

2016 წლის სექტემბერში სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-მა საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს ორი მოსამართლის, მერაბ ტურავასა და ოთარ სიჭინავას აცილება მოითხოვა და მიზეზად მათ მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები დაასახელა.

რუსთავი 2-ის საქმის განხილვის პარალელურად მაშინ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა თქვა, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობდა. მოსამართლე ტურავამ მაშინ თქვა, რომ მისთვის ზეწოლის შესახებ არავის არაფერი უთქვამს. 

კომენტარები