მსოფლიო

აშშ-ს საელჩომ მოსკოვში შენობიდან ლგბტქი დროშა გადმოფინა

აშშ-ის საელჩომ რუსეთში, ლგბტქი დროშის დღის აღსანიშნავად წარმომადგენლობის შენობიდან ლგბტ დროშა გადმოკიდა. შესაბამისი განცხადება აშშ-ის საელჩომ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზეც განათავსა. საკითხის კომენტირებისას კრემლმა საელჩოს რუსეთში "არატრადიციულ სექსუალური უმცირესობების პროპანდის აკრძალვის შესახებ" შეახსენა. 

"ლგბტქ თემის უფლებები არის ადამიანის უფლებები, რომელიც უნივერსალურია.  თითოეული ადამიანი იმსახურებს იცხოვროს დევნისა და სიძულვილისგან თავისუფალი ცხოვრებით", — წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საკითხის კომენტირებისას ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ დროშა კრემლის შენობიდან არ ჩანს და მის შესახებ ჟურნალისტებისგან გაიგო. "ჩვენ კრემლიდან ვერ ვხედავთ საელჩოს შენობას, თუმცა, სავარაუდოდ, მას ხედავენ საგარეო საქმეთა სამინისტროდან. ვფიქრობ, უწყებამ მიაქცია ყურადღება. ნებისმიერ შემთხვევაში, არატრადიციული სექსუალური უმცირესობების რაიმენაირი ფორმით პროპაგანდირება ჩვენს ქვეყანაში კანონით დაუშვებელია", — თქვა პესკოვმა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა გვერდმა, აშშ-ს საელჩოს პოსტის ქვეშ კომენტარი დატოვა. "მხარს გიჭერთ გეი ხასიათსა და სასიამოვნო განწყობილებაში, აშშ-ისთვის ამ რთულ დროში, რომლის იდეებიც კვლავ დიადი უნდა გახდეს", — წერია უწყების კომენტარში. ამისათვის რუსეთის საგარეო უწყებამ კომენტარს თან დაურთო პოლ მორიას სიმღერის El bimbo-ს ბმულიც. 

ივნისში სიამაყის თვე აღინიშნება, ამ პერიოდში ეწყობა გამოსვლები, ღირსების მარშები და საზეიმო შეკრებები. ლგბტქ დროშა პირველად 1978 წელს წარმოადგინეს სან-ფრანცისკოში გამართულ გეი პრაიდზე. 

კომენტარები