გიორგი რურუას საქმე

საძაგლიშვილი: საქმის მსვლელობაზე გავლენას მოახდენს მხოლოდ პოლიტიკური ნების ცვლილება

საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას საქმის განხილვა დასრულდა - მთავარი არხის მეწილე პატიმრობაში რჩება.

ამ გადაწყვეტილებით მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ადვოკატი გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიების 10 000-ლარიანი გირაოთი შეცვლას ითხოვდა.

პროცესის შემდეგ კომენტარი გააკეთა გიორგი რურუას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა და აღნიშნა, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო. იგი ასევე ამბობს, რომ საქმის მსვლელობა იქამდე არ შეიცვლება, სანამ პოლიტიკური ნება და ინტერესი უცვლელი დარჩება.

"არ გვქონდა ოპტიმისტური მოლოდინები, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში სასამართლო არ არის მიუკერძოებელი არბიტრი.

სასამართლო და პროკურატურა შუამდგომლობის საპასუხოდ ყოველთვის იყენებენ აბსტრაქტულ და შაბლონურ ფრაზებს, რომ მიიმალება, საზღვარგარეთ კავშირები აქვს, ჩაიდენს ახალ დანაშაულს, მაგრამ კონკრეტიკა, თუ რატომ მიიმალება, ან რატომ ჩაიდენს ახალ დანაშაულს იმ პირობებში, როდესაც ადამიანი არ არის ნასამართლევი, არ გვესმის არასდროს.

შემიძლია, პირდაპირ ვთქვა, რომ სახალხო დამცველის ანგარიში გავლენას არ მოახდენს საქმის მსვლელობაზე. გავლენას მოახდენს მხოლოდ პოლიტიკური ნების ცვლილება. როცა შეიცვლება პოლიტიკური ნება, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს". - აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, 2019 წლის 18 ნოემბერს, აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს. 

მოგვიანებით გიორგი რურუას საქმეს კიდევ ერთი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან ბრალდებულმა უარი თქვა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე.

გიორგი რურუას გათავისუფლება 8 მარტს დადებული საარჩევნო შეთანხმების ნაწილია, თუმცა ქართული ოცნება ამ დრომდე არ აღიარებს, რომ შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოიცავს. მას შემდეგ, რაც ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, ოპოზიცია და საქართველოს დასავლელი პარტნიორები კიდევ ერთი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლებასაც ითხოვენ. ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ მათთვის უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლება მიუღებელია და რომ პრეზიდენტს ამ საკითხზე მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია. მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილმა ეს უარყო და განმარტა, რომ ქართული ოცნების ლიდერები წინასწარ გააფრთხილა.

მანამდე, სანამ ქართული ოცნება 8 მარტს დადებულ შეთანხმებას სრულად არ შეასრულებს, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე უარს ამბობს. ევროპული საქართველო, ისევე, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მიიჩნევს, რომ, ვინაიდან შეთანხმება ორნაწილიანია, ცვლილებების მხარდასაჭერად რურუას გათავისუფლებაა აუცილებელი. თუმცა პირველი მოსმენის დროს ოპოზიციურმა პარტიებმა სხვადასხვა სტრატეგია აირჩიეს – ევროპულმა საქართველომ გადაწყვიტა, რომ კანონპროექტისთვის პირველი მოსმენის დროს დაეჭირა მხარი და ამით ხელისუფლებისთვის გიორგი რურუას გასათავისუფლებლად მესამე მოსმენამდე დრო მიეცა.

საკონსტიტუციო პროექტის მესამე მოსმენით კენჭისყრა 29 ივნისსაა დაგეგმილი.

კომენტარები