გიორგი რურუას საქმე

გიორგი რურუას სასამართლო პროცესი საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენის დღეს ჩაინიშნა

0 კომენტარი
ფოტო: მთავარი არხი

მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუას სასამართლო პროცესი საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენის დღეს ჩაინიშნა. სხდომა ორშაბათს, 29 ივნისს, 11:00-ზე დაიწყება. 

სწორედ 29 ივნისსაა დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენა, რომელსაც ოპოზიცია გიორგი რურუას გათავისუფლებამდე არ დაესწრება.

მთავარი არხის მეწილეს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა პატიმრობა არც 25 ივნისის სასამართლო პროცესზე შეუცვალა გირაოთი. 

სასამართლო გადაწყვეტილებამდე ცოტა ხნით ადრე, აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა იმედი გამოთქვა, რომ 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილი შესრულდებოდა.

გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, 2019 წლის 18 ნოემბერს, აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს. 

მოგვიანებით გიორგი რურუას საქმეს კიდევ ერთი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან ბრალდებულმა უარი თქვა სასამართლოს განჩინების მიხედვით დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე.

გიორგი რურუას გათავისუფლება 8 მარტს დადებული საარჩევნო შეთანხმების ნაწილია, თუმცა ქართული ოცნება ამ დრომდე არ აღიარებს, რომ შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოიცავს. მას შემდეგ, რაც ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ზეწოლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა, ოპოზიცია და საქართველოს დასავლელი პარტნიორები კიდევ ერთი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლებასაც მოითხოვენ. ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ მათთვის უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლება მიუღებელია და რომ პრეზიდენტს ამ საკითხზე მათთან კომუნიკაცია არ ჰქონია. მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილმა ეს უარყო და განმარტა, რომ ქართული ოცნების ლიდერები წინასწარ გააფრთხილა.

მანამდე, სანამ ქართული ოცნება 8 მარტს დადებულ შეთანხმებას სრულად არ შეასრულებს, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე უარს ამბობს. ევროპული საქართველო, ისევე, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მიიჩნევს, რომ, ვინაიდან შეთანხმება ორნაწილიანია, ცვლილებების მხარდასაჭერად რურუას გათავისუფლებაა აუცილებელი. თუმცა პირველი მოსმენის დროს ოპოზიციურმა პარტიებმა სხვადასხვა სტრატეგია აირჩიეს – ევროპულმა საქართველომ გადაწყვიტა, რომ კანონპროექტისთვის პირველი მოსმენის დროს დაეჭირა მხარი და ამით ხელისუფლებისთვის გიორგი რურუას გასათავისუფლებლად მესამე მოსმენამდე დრო მიეცა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები