სუს-ის გამოძიება

სუს-ი: მთავარი არხის რესპონდენტებმა გამოკითხვისას თქვეს, რომ მათი ინტერვიუები დაამონტაჟეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, მთავარი არხის რესპონდენტებმა გამოკითხვისას თქვეს, რომ Covid 19-ის სტატუსის გაყალბებაზე სიუჟეტში მათი ინტერვიუები დამონტაჟებული სახით გავიდა. საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში 25 ივნისს სუს-მა მოწმის სახით მთავარი არხის ორი რესპონდენტი გამოკითხა.

"მათ ჟურნალისტს განუცხადეს, რომ არ ფლობენ ინფორმაციას, მედპერსონალის და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისათვის გარკვეული ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ სიკვდილის მიზეზად ახალი კორონავირუსის დასახელების თაობაზე. ამის მიუხედავად, მთავარმა არხმა მათი აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები შეგნებულად არასწორად თარგმნა და ფაქტები დიამეტრულად განსხვავებული ინტერპრეტაციით გააშუქა.

ამის გამო, აღნიშნულმა პირებმა გამოხატეს დიდი უკმაყოფილება და მოითხოვეს ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება" - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და აღნიშნავს, რომ მთავარმა არხმა "ცალკეულ დაინტერესებულ ჟურნალისტებზე დაყრდნობით", დეზინფორმაციული შინაარსის სიუჟეტი მოამზადა.

"სიუჟეტის მიხედვით, თითქოსდა ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ ბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილთა ოჯახის წევრებთან დაკავშირებას და მათთვის თანხის შეთავაზებას, 3-დან 10 000 ლარამდე. თითქოს მათ სთხოვენ, განაცხადონ, რომ მათი ოჯახის წევრი გარდაიცვალა ვირუსის შედეგად.

ამ ქმედებით ტელეკომპანია მთავარი არხი, ერთი მხრივ, შეეცდებოდა ხელისუფლების დისკრედიტაციას და დაადანაშაულებდა მას მიზანმიმართულ უკანონო ქმედებაში, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოებაში დათესავდა დაუცველობის განცდას და მსოფლიოში გამოცხადებული ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, საქართველოს მოსახლეობის დეზინფორმირების გზით, უარყოფით ზემოქმედებას მოახდენდნენ მოქალაქეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

ეს, თავის მხრივ, გამოიწვევდა მათ სამართლიან პროტესტს და ხელს შეუშლიდა სახელმწიფო დაწესებულებების და ორგანიზაციების შეუფერხებელ ფუნქციონირებას" - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

სუს-ი გამოძიებას საბოტაჟის ფაქტზე აგრძელებს, სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით. უწყებაში განმარტავენ, რომ "შეკრებილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე გადაწყდება შემდგომი სამართლებრივი რეაგირების საკითხი".

კომენტარები