სუს-ის გამოძიება

მთავარი არხი: სუს-მა ჩვენი რესპონდენტები 4-წლიანი თავისუფლების აღკვეთით დააშინა

მთავარი არხის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5-საათიანი გამოკითხვის დროს, 20 ივნისს მთავარ არხზე გასული სიუჟეტის რესპონდენტები ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დააშინა. დღის ბოლოს სუს-ის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მთავარი არხის რესპონდენტებმა გამოკითხვისას დაადასტურეს, რომ მათი ინტერვიუების დამონტაჟებული იყო.

"სუს-ში მოწმის სტატუსით დაბარებულმა რესპოდენტებმა ზეწოლას ვერ გაუძლეს, ხუთსაათიანი გამოკითხვის დროს ისინი ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დააშინეს და მარნეულელი მოქალაქეები, რომლებიც კოვიდსიკვდილიანობის გაყალბებაზე საუბრობდნენ, გააჩუმეს". – ამბობს 9-საათიანი მთავარის ეთერში ჟურნალისტი მიხეილ სესიაშვილი.

მთავარ არხზე ასევე ამბობენ, რომ ტერორის გზით მმართველი გუნდი ცდილობს რეგიონში დაწყებული სამოქალაქო აქტივიზმის ჩახშობას. მათი შეფასებით, სუს-ი, რომელიც დაკავებული უნდა იყო ტერორიზმთან და სხვა მძიმე დანაშაულთან ბრძოლით, ახლა "მედიაკონტენტის შემმოწმებლად" გადაიქცა.

კომენტარი გააკეთა მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ და აღნიშნა, რომ სუს-ის დაწყებული გამოძიება მოსახლეობის დაშინებასა და მთავრი არხის დისკრედიტაციას ემსახურება.

"დღეს სუს-ის მხრიდან დარტყმა განხორციელდა მთავარ არხზე. პირველი იყო ბავშვთა პორნოგრაფიით ძალიან შეწუხებული დეპუტატები, რომლებიც ჩვენი სიუჟეტით შეწუხდნენ და არა იმით, რომ პროკურატურამ აქამდე ვერ მოახერხა ამ ვიდეოების აღება გამავრცელებელი საიტებიდან. მეორე საკითხი კი იყო სუს-ში აღძრული საქმე საბოტაჟზე, რომელიც მოსახლეობის დაშინებას და მთავარი არხის დისკრედიტაციას ემსახურება" – ამბობს ნიკა გვარამია. 

მთავარი არხის დირექტორის თქმითვე, რესპონდენტთა ინტერვიუები არხმა პირდაპირ თარგმნა. ამას ადასტურებს ერთ-ერთი რესპოდენტიც და კითხვაზე, იყო თუ არა თარგმანში შეცდომა, ის პასუხობს, რომ არა.

სუს-მა Covid 19-ის სტატუსის გაყალბებაზე მთავარი არხის სიუჟეტის ორი რესპონდენტი 25 ივნისს გამოკითხა. უწყების მტკიცებით, არხმა რესპონდენტების აზერბაიჯანულენოვანი ინტერვიუები "შეგნებულად არასწორად თარგმნა" და "ფაქტები დიამეტრულად განსხვავებული ინტერპრეტაციით გააშუქა".

სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

კომენტარები