NGO-ები კალაძეს: საკუთარი დამოკიდებულებით ნუ გააღრმავებთ მედიაზე თავდასხმის რისკებს

instagram.com/kakhakaladze/

კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივას ეხმაურება. იმ პარტიის გენერალური მდივანი, რომელსაც კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო Facebook-მა ასობით გვერდი წაუშალა, Fake ნიუსებთან დაპირისპირებას საკუთარი Like-გვერდიდან აპირებს. კალაძის ახალი პროექტისთვის შექმნილ სპეციალურ ბანერზე სამი ტელეკომპანიის ლოგოა გამოსახული - მთავარი არხის, TV პირველის და ფორმულასი.

NGO-ების შეფასებით, თბილისის მერი აპირებს, "გამოიყენოს თავისი პოლიტიკური ძალაუფლება მედიაზე თავდასხმის გასაძლიერებლად". ისინი მოუწოდებენ კახა კალაძეს, "იფიქროს ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე, მხარი დაუჭიროს მედიის თავისუფლებას და საკუთარი დამოკიდებულებით არ გააღრმავოს მედიაზე თავდასხმის რისკები".

კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის აღნიშნავს, რომ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან კრიტიკული მედიის მიმართ მსგავსი კამპანია არ შეესაბამება დემოკრატიული საზოგადოების მოლოდინებს.

"უხეშად ეწინააღმდეგება მაღალი თანამდებობის პირთა ეთიკურ ღირებულებებს და პრინციპებს. მით უფრო, როცა არსებობს რისკი, წახალისდეს ჟურნალისტების მიმართ აგრესია, სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმა. განსხვავებული მოსაზრებების არსებობა დემოკრატიული საზოგადოების ბუნებრივი მოცემულობაა. გადაწყვეტილების მიღებისას და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საჯარო პირებმა კარგად უნდა გაიაზრონ დაკისრებული პასუხისმგებლობები" - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

თბილისის მერმა ფეიკნიუსებთან ბრძოლის პროექტი 24 ივნისს დააანონსა და მის დაწყებას დღეს, 25 ივნისს გეგმავს.

კომენტარები