ევროპული საქართველო

ბოკერია: ივანიშვილის გარემოცვა პოლიტიკურ სპეკულაციას ეძახის დემოკრატიას

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის ნათქვამს.

გურამ მაჭარაშვილმა თქვა, რომ ოპოზიციის წევრები თეორიულად ამბობენ, რომ ბოიკოტის რეჟიმში არიან, თუმცა პრემიერმინისტრისთვის შეკითხვების დასასმელად პარლამენტში მიდიან. ოპოზიციის წევრების კითხვებს, რომლებიც ჯერ არც კი დასმულა, მაჭარაშვილი უკვე ეძახის "სპეკულაციას". 

"ივანიშვილის გარემოცვა პოლიტიკურ სპეკულაციას ეძახის დემოკრატიას". – ამბობს გიგა ბოკერია. 

დეპუტატის შეფასებით, ეს დამოკიდებულება 25 ივნისის სხდომაზეც გამოჩნდა, როდესაც, მისივე თქმით, უმრავლესობის წევრები სახალხო დამცველს სთხოვდნენ დახმარებას იმაში, რომ მათ მიმართ კრიტიკა აღარ ისმოდეს. 

"ჩვენ ვართ ტანჯულები და დევნილებიო. ბოიკოტი არის პოლიტიკური განაცხადის ფორმა და როცა გვინდა, გამოვიყენებთ, როცა გვინდა - არა. ლოგიკა აქვს ამ ყველაფერს. ვიცით, რომ შუშის სასახლეში მიიღება გადაწყვეტილება, მაგრამ, როდესაც ფორმალურად მაინც მოდის [პრემიერმინისტრი] ამ პანდემიის და უსაფრთხოების ასეთი გამოწვევების დროს, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ ტრიბუნას გამოვიყენებთ და, მესმის, რომ გული სტკივათ უმრავლესობის წევრებს ივანიშვილის გუნდიდან, რომ ამ კითხვებზე პრემიერმინისტრს პასუხები არ აქვს". – თქვა გიგა ბოკერიამ. 

26 ივნისს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მივიდა. 

კომენტარები