პოლიციის მხრიდან ძალადობა

PHR: ბათუმში პოლიციელებმა 16 წლის მოზარდზე, სავარაუდოდ, იძალადეს

istock

ორგანიზაციის პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ინფორმაციით, 18 ივნისს პოლიციელებმა, სავარაუდოდ, 16 წლის მოზარდზე იძალადეს.

კერძოდ, ორგანიზაციის ცნობით:

2020 წლის 18 ივნისს, თბილისში, საღამოს საათებში პოლიციის თანამშრომლებმა 16 წლის მოზარდი, რომელიც დედის დასახმარებლად მიდიოდა, უსაფუძვლოდ გააჩერეს. მათ მოზარდს არ წარუდგინეს ვინაობის დამადასტურებელი საბუთი, არც გაჩერების მიზეზი აუხსნეს. მოსთხოვეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რაზეც მან უპასუხა, რომ არასრულწლოვანია და პირადობის მოწმობა ჯერ არ აუღია.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელებისთვის ცნობილი იყო, რომ უსაფუძვლოდ შეჩერებული პირი არასრულწლოვანი იყო, PHR-ის შეფასებით, უკანონო ქმედებები გააგრძელეს.

კერძოდ, უსაფუძვლოდ ჩაუტარეს ზედაპირული შემოწმება და სცადეს ფოტოს გადაღება. მას შემდეგ, რაც მოზარდმა მათ შესაბამისი საფუძვლის მითითება მოსთხოვა, პოლიციელები გაღიზიანდნენ და პოლიციის განყოფილებაში გადაყვანით დაემუქრნენ. მოზარდმა მათ უთხრა, რომ რამდენიმე წუთში მოვიდოდა მისი მშობელი (დედა) და მასთან ერთად დალაპარაკებოდნენ. პოლიციელები არ დაელოდნენ ბავშვის მშობელს, ამასთან, არ უცდიათ, საქმეში ჩაერთოთ სოციალური მუშაკი და, სავარაუდოდ, ძალის უკანონოდ გამოყენებით სცადეს მისი მანქანაში ჩასმა.

მიუხედავად იმისა, რომ მოზარდმა თავი შეუძლოდ იგრძნო და პოლიციას სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებისკენ შეკრებილი მოქალაქეებიც მოუწოდებდნენ, სამართალდამცავები აგრძელებდნენ ძალის გამოყენებით მოზარდის მანქანაში ჩასმას. საბოლოოდ მოზარდმა მოქალაქეების დახმარებით შეძლო, გარიდებოდა პოლიციელებს.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ მოზარდმა პოლიციის მხრიდან, სავარაუდოდ ძალის უკანონოდ გამოყენების შედეგად სხეულის დაზიანებები მიიღო. შემთხვევის ადგილის მიმდებარედ განთავსებულია სათვალთვალო ვიდეოკამერა, სადაც შემთხვევის მიმდინარეობაა ასახული. მომხდარს ჰყავს ათეულობით თვითმხილველი, ერთ-ერთ მოქალაქეს აქვს ვიდეოჩანაწერიც. ბავშვის მშობელმა იმავე დღეს მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს.

PHR-მა საქმეში ჩართვისთანავე გამოძიების დაწყების მოთხოვნით დამატებით მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და ითხოვა მტკიცებულებების დაუყოვნებლივ შეგროვება. თუმცა ამ დრომდე გამოძიება არ დაწყებულა და, შესაბამისად, არც მტკიცებულებები მოუპოვებიათ.

ვინაიდან საქმეში ფიგურირებენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები, არსებობს მტკიცებულებათა განადგურების მაღალი რისკი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოძიების დაწყების ხელოვნურად დაყოვნება საფრთხის ქვეშ აყენებს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას და ზიანს აყენებს მოზარდის ინტერესებს.

"მიგვაჩნია, რომ უკიდურესად შემაშფოთებელია ამგვარი ქცევა სამართალდამცველების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ, რაც სცდება ინდივიდუალურ შემთხვევებს და სისტემური ხდება. ზემოაღნიშნულ ფაქტებს აუცილებლად უნდა გაეცეს სამართლებრივი პასუხი, რათა ყველა ბავშვი თავს დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობდეს და მათი ფუნდამენტური უფლებები იყოს განუხრელად დაცული", - აცხადებს PHR.

კომენტარები