ფრონტერას საქმე

ფრონტერა საქართველოს მთავრობას: არაფერია მოსალაპარაკებელი

REUTERS

ამერიკულმა ენერგომომპოვებელმა კომპანია ფრონტერამ გაავრცელა განცხადება საქართველოს მთავრობის ინიციატივის პასუხად, შედგეს შეხვედრა მხარეებს შორის, იმისათვის, რომ მიაღწიონ კომპრომისს და ფრონტერამ შეძლოს საქართველოში საქმიანობის გაგრძელება.

ფრონტერაში ამბობენ, რომ "ეკონომიკის სამინისტრომ გააგრძელა საჯარო დეზინფორმაციის კამპანია" და რომ "არაფერია მოსალაპარაკებელი":

"ჩვენს წარმომადგენლებთან შეხვედრის თაობაზე მათგან მიღებული მრავალგზის უარის მიუხედავად, სამინისტროს მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებებით, ახლა მიწვეულნი ვართ “მოლაპარაკების მაგიდასთან“, რათა მოვილაპარაკოთ ის “ პირობები, რომლის სფუძველზეც შესაძლებელი იქნება ჩვენი ბიზნესის საქართველოში დარჩენა“. გვინდა, ხაზი გაუსვათ, რომ აქ არაფერია მოსალაპარაკებელი". - ვკითხულობთ კომპანიის განცხადებაში.

როგორც ფრონტერაში აცხადებენ, საქართველოს ხელისუფლება სრულიად უგულებელყოფს კონტრაქტს. ეკონომიკის სამინისტროს სურს, თავს მოგვახვიოს ახალი პირობები, იმისათვის, რომ  საქართველოში დავრჩეთ.

კომპანიაში უკმაყოფილონი არიან იმით, რომ საქართველოს მთავრობამ "ზიანზე შეურაცხყოფის დამატებით", საჯარო კომუნიკაცია არჩია "ჩვეულებრივ ბიზნესკომუნიკაციას":

"როდესაც ჩვენი კომპანიის ხელმძღვანელობას კარგად იცნობენ ჰიუსტონში და სამინისტროს არ გაუჭირდება მათთვის ასეთი მნიშვნელოვანი შეტყობინების გაგზავნა, ჩვენ პრესიდან ვეცნობით სამინისტროს მიზნებს და ეს მაშინ, როცა ისინი პირდაპირ კომუნიკაციას მხოლოდ შეხვედრებზე უარის სათქმელად იყენებენ". - ამბობენ ფრონტერაში.

კომპანია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, "პატივი სცეს კონტრაქტის პირობებს" და მისცეს ფრონტერას საშუალება, იმუშაოს "განუწყვეტელი მუქარის, დაშინების და ახალი პირობების გარეშე".

23 ივნისს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა თქვა, რომ ქართული მხარე მზადაა, გამონახოს კომპრომისი, იმისათვის, რომ ფრონტერამ შეძლოს საქართველოში საქმიანობის გაგრძელება.

მინისტრის მოადგილემ ფრონტერას მოუწოდა, რომ ამ საკითხების განსახილველად შეხვედრა შემდგარიყო.

ქართულმა მხარემ ამერიკულ ენერგომომპოვებელ კომპანია ფრონტერასთან ხელშეკრულება 2020 წლის აპრილის ბოლოს შეწყვიტა.

ქართულ მხარესა და Frontera-ს შორის დავა საარბიტრაჟო ტრიბუნალში მიმდინარეობდა, სადაც საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო და ნავთობისა და გაზის კორპორაცია ამერიკულ კომპანიას 1997 წლის ხელშეკრულების დარღვევას ედავებოდა.

კომენტარები