სოფო კილაძე

კილაძე: სამწუხაროდ, NGO-ების ნაწილი, რომლებიც არიან ანტიეროვნულები, ებრძვიან სახელმწიფოს

სქრინშოთი პარლამენტის Live ტრასნლირებიდან/ ტაბულა

"დიდი ხანია, ქვეყნის შიგნით ვიცით, რომ NGO-ების ნაწილი ებრძვის თავის სამშობლოს, მაგრამ ახლა მთელმა მსოფლიომ გაიგო ამ განცხადებით, რომ ისინი ებრძვიან ქართულ სახელმწიფოს", - ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი, სოფიო კილაძე  გაეროს მიმართ არასამთავრობო ორგანიზაციების წერილს, რომელშიც წერია, რომ კილაძე არ უნდა იყოს არჩეული გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად, რადგან არც მისი კვალიფიკაცია, არც რეპუტაცია და ადამიანის უფლებების რწმენა, ასევე, კანდიდატის შერჩევის პროცესში გაეროს რეკომენდაციების აშკარა დარღვევა, არ იძლევა მისი შერჩევის საფუძველსა და ლეგიტიმაციას.

საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა ქსენოფობი კანდიდატის, სოფო კილაძის მხარდასაჭერად, არასამთავრობოები ამ განცხადების გამო გაკიცხა. გერმანიის ელჩმა წუხილი გამოთქვა "იმ ბრალდებების გამო, რომელიც სოფო კილაძის მიმართ არის წაყენებული". 

თავად კილაძე, გერმანიის ელჩის გამოხმაურებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ის ძალიან ობიექტური დიპლომატია. 

"გერმანიის ელჩი ჩვენ ყველამ ვიცით, რომ არის ძალიან ობიექტური დიპლომატი და ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოს წარმომადგენელი.

მე მგონია, რომ NGO-ების ნაწილმა თავიანთი განცხადებით მთელს მსოფლიოს დაანახვა, რომ ებრძვიან ქართულ სახელმწიფოს. აქ სოფო კილაძეზე არ არის საუბარი, აქ საუბარია იმაზე, რომ გაეროში ქართულ სახელმწიფოს ჰყავდეს თავისი ღირსეული წარმომადგენელი, ეს იქნება ქვეყნის სახე და ეს იქნება ქვეყნის გამარჯვება. სამწუხაროდ, NGO-ების ეს ნაწილი, რომელიც არიან ანტიეროვნულები, ებრძვიან სახელმწიფოს", - ამბობს კილაძე. 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის გამონათქვამებმა გამოხატვის, უმცირესობების და სხვა უფლებებთან დაკავშირებით, არაერთხელ გამოიწვია საზოგადოების ცალკეული ჯგუფების, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი. ლგბტქ+ ორგანიზაციები წლებია, ითხოვენ კილაძის გადადგომას, რადგან, მათი შეფასებით, ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად უგრძნობი და მტრულად განწყობილია ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის მიმართ.

2018 წელს არასამთავრობოების პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ადამიანის უფლებათა 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმაში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის, 17 მაისის აღნიშვნა გაწერილი იყო, თუმცა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ თქვა:  "არ აღვნიშნავთ, ჩვენი ნებაა". 

ამას მოჰყვა ლგბტ აქტივისტების აქცია, სადაც მათ კილაძის გადადგომა მოითხოვეს. იქვე გაიმართა ჰომოფობთა და ტრანსფობთა ჯგუფის კონტრაქციაც, რომლებმაც ლგბტ აქტივისტებს კვერცხები დაუშინეს. 

გარდა ამისა, სოფიო კილაძე  LGBT პირებისადმი ძალადობაზე ფიქრობდა, რომ "მედიაც უწყობს ხელს ამით აჟიტირებას და პროპაგანდას". ის ასევე მიიჩნევდა, რომ "ქორწინება ქალის და კაცის ერთობაა და ამას მთელი საზოგადოება მიესალმება" . 2020 წელს კი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობაზე Tbilisi Pride-ის დამფუძნებელს უარი უთხრა. აქვე აღსანიშნავია, რომ ლგბტ აქტივისტები 17 მაისს ვერ ახერხებენ გამოხატვის თავისუფლების რეალიზებას, ისინი 2013 წელს ძალადობრივად დაარბია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა კონტრაქციამ. ლგბტ აქტივისტების ფიზიკურ უსაფრთხოებაზე სახელმწიფო არ ზრუნავს და არ იცავს მათი კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვის თავისუფლებას.

სოფო კილაძე 2019 წელს რელიგიის საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფსაც ხელმძღვანელობდა - უმცირესობის წარმომადგენელი არაერთი სასულიერო ლიდერის განცხადებით, მისი მოქმედებები მიმართული იყო უმცირესობათა რელიგიურ ავტონომიაში ჩარევისა და დენომინაციების დახარისხებისკენ.

იმავე სულისკვეთებას ვხედავთ სახალხო დამცველის 25 ივნისს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომლის მიხედვითაც, რელიგიური გაერთიანებების წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობის არგუმენტით, საქართველოს პარლამენტში, ადამიანის უფლებების და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, შეიქმნა რელიგიის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი. თუმცა სამუშაო ჯგუფის შეკრების პირველივე დღიდან მთავარ საკითხად რელიგიისა და რელიგიური გაერთიანებების შესახებ ახალი საკანონმდებლო რეგულაციების მიღების საკითხი განიხილებოდა.

"განხილვის პროცესში, რელიგიათა საბჭოს წევრმა ოცმა რელიგიურმა გაერთიანებამ საერთო პოზიცია შეიმუშავა რელიგიური გაერთიანებების შესახებ სპეციალური კანონის მიღების ან დამატებითი
რეგულაციების დაწესების მიზანშეუწონლობის შესახებ. ამასთან, რელიგიური გაერთიანებების წევრთა უმრავლესობისთვის, მიუღებელი აღმოჩნდა ინიციატივები რელიგიური გაერთიანებების დეფინიციის გაწერის და სახელმწიფოს მიერ სასულიერო პირის განსაზღვრის შესაძლებლობის შესახებ, რამდენადაც სახელმწიფოსთვის ამ შესაძლებლობების გადაცემაში რელიგიური გაერთიანებების ავტონომიაში ჩარევის, კონფესიებისა და დენომინაციების დახარისხების, იერარქიზაციისა და დისკრიმინაციული სამართლებრივი ჩარჩოს შექმნის საფრთხეს ხედავენ.

ამას გარდა, სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრთა უმრავლესობამ ნეგატიურად შეაფასა ე.წ. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და რელიგიური სამოსის რეგულაციის შესახებ პარლამენტში წამოყენებული ინიციატივები" - ნათქვამია ანგარიშში.

სოფო კილაძეს, როგორც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, იმის გამოც აკრიტიკებდნენ, რომ მას მისი კომიტეტის სხდომაზე დეპუტატ ემზარ კვიციანის მიერ გამოყენებული სიძულვილის ენაზე რეაქცია არ ჰქონია. კოალიციამ თანასწორობისათვის 2019 წლის დასაწყისში შეშფოთება გამოთქვა სოფო კილაძის უმოქმედობის გამო, "რომელმაც ვერც სიძულვილის ენის გამოყენების აღკვეთა შეძლო და არც საკუთარი კოლეგის მიერ ამგვარი ენის გამოყენებას გაემიჯნა".

კომენტარები