გიორგი შაქარაშვილის საქმე

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორის ძიუდოში ევროპის ჩემპიონიც არის

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 17 ადამიანს შორის ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილიც არის. ამის შესახებ პალიტრანიუსს ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონის მამამ, რამაზ ტატიაშვილმა უთხრა. 

"ყველაზე სუფთა გიგა არის. დაფიქსირებულია კამერების ჩანაწერები, სადაც გიგა არც აგარაკზე ჩხუბობს, არც მაგისტრალზე. პირიქით, ვინც მანქანაში ისხდნენ, ის ბიჭები ამბობენ, გიგამ დაუძახა ყველას - გაჩერდით, ნუღა ჩხუბობთო... მერე უთხრა, პატრული მოდისო, ამის შემდეგ თავი დაანებეს და წამოვიდნენ, ყველაფერი დაფიქსირებულია, როგორი სუფთაც გიგა არის, ასეთი სუფთა არავინ არ არის. გიგაც დააკავეს ამ დილას. რას ედავებიან, არ ვიცი“ - ამბობს ტატიაშვილი პალიტრანიუსთან საუბარში.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა 17 პირი დააკავეს. შსს-ში ბრიფინგი ცოტა ხანში გაიმართება.

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს. ის გუშინ დაკრძალეს. გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. მისი კვალი ამის შემდეგ დაიკარგა.

ამ დრომდე ის ვიცოდით, რომ გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობდა და შსს-ს 50-ზე მეტი მოწმე ჰყავდა დაკითხული.

კომენტარები